„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრის ფარგლებში, პროექტ: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“, პირველი ეტაპი დაასრულეს. ორგანიზაციამ ახალგაზრდებს შესთავაზა საჯარო ლექცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებისა და საქართელოს ევროპული არჩევანის ისტორიის, შესაძლებლობებისა და მოლოდინების შესახებ. შეხვედრაზე მოხდა სპეციალური გაზეთის „საქართველო ევროკავშირის გზაზე“ პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრის დასასრულ, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის თანახმადაც, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და 25 წლამდე მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ ანალიტიკური ნაშრომები თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, წარმოდგენილი საკონკურსო თემები გადაეგზავნება საკონკურსო კომისიას, გამოვლინდებიან გამარჯვებული და წარმატებული ავტორები, ხოლო სექტემბერში მოხდება მათი დაჯილდოვება, ახალგაზრდა ავტორების წარმოდგენილი თემების კრებულის სახით გამოცემა და დასკვნითი კონფერენცია.
პროექტის თანახმად, შეხვედრის დასრულების შემდგომ, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, ევროპული იდეის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, მარნეულის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ახალგაზრდებმა თანაქალაქელებს უფასოდ გადასცეს პროექტის ფარგლებში გამოცემული გაზეთი „საქართველო ევროკავშირის გზაზე“ და ღონისძიებაში მონაწილეობით, საკუთარი სამოქალაქო ჩართულობა განახორციელეს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია, ამ პროცესში კი ახალგაზრდების ჩართულობა ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნისთვის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, მათ შორის ეთნიკურად უმიცრესობაში მყოფი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პრობლემის დაძლევისთვის საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.
პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსენტრებმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. პროექტი 5 მაისს დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება, საკონკურსო ნაშრომების მიღება კი, 15 აგვისტომდეა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა, 1 ივლისს, ახალციხეში მომზადდა, 3 ივლისს კი – მარნეულის მუნიციპალიტეტში. პროექტის მეორე ეტაპი, მთლიანად დაეთმობა საკონკურსო კომისიის მუშაობას, საკონკურსო ნაშრომების მიღებას და შეფასებას, ნაშრომების ბეჭდვას, ადგილობრივი კონფერენციების მომზადებას და გამარჯვებულების დაჯილდოვებას. პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.