არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს დააკვირდება. ორგანიზაციამ თსუ–ის საარჩევნო კომისიისგან უკვე მიიღო აკრედიტაცია. ამასთან, ორგანიზაციამ განახორციელა მონიტორინგი თსუ–ში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თსუ–ის რექტორობის 14 კანდიდატთან ანკეტური გამოკითხვა ჩაატარა. ორგანიზაციამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტში არჩევნების გამჭვირვალობის საკითხებს ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ განხორციელებული მონიტორინგი პასუხობს კითხვებს: რექტორის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია თუ არა არჩევნების გამჭვირვალობის საკითხი, წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატებს ჰქონდათ თუ არა შესაძლებლობა საარჩევნო პროგრამა გაეცნოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და სტუდენტური საზოგადოებისათვის, წინასაარჩევნო პერიოდისთვის, მოქმედი რექტორატისა და ადმინისტრაციის მხრიდან ხომ არ ყოფილა რექტორობის რომელიმე კანდიდატის მიმართ უპირატესობის მინიჭება, რამდენად ეფექტურად მუშაობდა საარჩევნო კომისია, როგორ შეფასდება საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და კომპეტენტურობის საკითხი და რამდენად მაღალია თსუ–ის აკადემიური საბჭოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხი. მონიტორინგის შედეგები 18 აგვისტოს გამოქვეყნდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებს არჩილ კაიკაციშვილი, ჯაბა სირაბიძე და მარიამ ნეფარიძე დააკვირდებიან.