„ახალგაზრდა ადვოკატები“ საბანკო აქციებზე მოსახლეობას აფრთხილებს

14 ივლისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძეს წერილით მიმართავს და ბანკის მხრიდან თვითნებობის, უკანონო მოქმედებების გამოყენებისგან თავშეკავებას მოითხოვს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“ პეროსანლური ინფორმაციის გამოყენებას, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მიმართავს, რითაც მიზანმიმართულად არღვევს „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

„გაცნობებთ, რომ 2014 წლის 8 ივლისს, 19:03 წუთზე, ჩემს მობილური ტელეფონის ნომერზე: XXX XXXXXX, ს.ს. „ლიბერთი ბანკისგან“ მივიღე შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: „სიახლე „ლიბერთი ბანკისგან!“ აკრიფეთ * 166# თქვენს მობილურზე და აიღეთ 250 ლარიანი სესხი მომენტალურად, შეამოწმეთ ბალანსი ანგარიშებზე და ჩარიცხეთ თანხა მობილურზე“! (სტილი დაცულია). მოგმართავთ, რათა თქვენი ბანკის შესაბამისი განყოფილებების მიმართ, უზრუნველყოთ დავალება, რათა ამოღებულ ვიქნე ბანკის საკონტაქტო ბაზიდან და მომავალში აღარ მატყობინებდეთ თქვენი ბანკის ე.წ. „სიახლეებს“. როგორც მომხმარებელს, არ გამოვხატავ თანხმობას, თქვენს ბაზაში ფიქსირდებოდეს ჩემი სატელეფონო ან რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაცია, ვინაიდან 2014 წლის ივნისიდან, ს.ს. „ლიბერთი ბანკთან“ არ გამაჩნია არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა თუ თანხმობა, რომელიც ბანკს პერსონალური ინფორმაციის გამოყენების საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, მოგმართავთ, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უკანონოდ ისარგებლებთ ჩემი პერსონალური ინფორმაციით, რასაც სამართლებრივი რეაგირება მიეცემა. როგორც თქვენი ბანკის ყოფილ მომხმარებელს, ჩემს მიმართ ბანკისა და მისი ცალკეული პირების მიერ გამოვლენილი უკანონო და არაკეთილსინდისიერი მოქმედებების გამო, გამაჩნია სრული უნდობლობა, რის გამოც, ჩემი თანხმობის გარეშე, პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე, სრულ უარს ვაცხადებ” - აღნიშნულია არჩილ კაიკაციშვილის მიმართვაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოქალაქეებს მიმართავს, რათა მსგავსი სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაში შემოთავაზებული საკრედიტო აქციის მიმართ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, ვინაიდან ბანკების მხრიდან ერთჯერადი აქციის მიღმა, შესაძლებელია თავი იჩინოს იმ პრობლემებმა, რომელიც დაკავშირებულია თანხის დაბრუნების  გაორმაგებულ ოდენობასთან, მაღალ პროცენტთან და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამის პირგასამტეხლოსთან. ვინაიდან, ბანკის მხრიდან მომხმარებლისთვის მკაფიოდ არ არის განსაზღრული ე.წ. „,მომენტალური სესხის“ დაბრუნების პირობები, ვალდებულებები და შესაძლო, მოსალოდნელი სირთულეები, რომლის ცოდნის გარეშეც, შესაძლებელია, მომხმარებელი, „კრედიტ ინფო საქართველოს“ ან რომელიმე სხვა მსგავსი ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში აღმოჩნდეს.



კომენტარები