„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობას დევნილი მოსახლეობისთვის კომუნალური პრობლემების მოგვარებისთვის მიმართავს

12 აგვისტო, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული პრობლემების მიმართ რეაგირებისკენ მიმართავს. ორგანიზაცია მოითხოვს შესწავლილ იქნეს მოსახლეობის კომუნალურ მომსახურებაში არსებული ორი მთავარი პრობლემა – ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია „კასპი გაზის“ მიერ დაწესებული ტარიფის სამართლიანობა და პასუხი გაეცეს კითხვას, აპირებს თუ არა მთავრობა 2011 წლის მარტიდან შეწყვეტილი ბუნებრივი აირის ხარჯების დაფარვას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის იურისტმა, ანა კიკნაძემ განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წეროვანის დასახლებაში ადგილნაცვალ პირებთან შეხვედრის დროს მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „კასპი გაზის“ მიერ ბუნებრივ აირზე დაწესებული ტარიფი ორჯერ აღემატება ყველა სხვა მუნიციპალიტეტში არსებულ ტარიფს. კომპანიამ არაერთ მოქალაქეს სასამართლოში უჩივლა, რათა კომუნალური დავალიანების გადახდა ამ გზით მომხდარიყო, მაგრამ გადახდისუუნარო ოჯახები დღემდე ვერ ახერხებენ დავალიანების დაფარვას. წეროვანის დასახლებაში, კომუნალური დავალიანება 2011 წლიდან გაჩნდა, რა დროსაც სახელმწიფომ დევნილების სასარგებლოდ, ბუნებრივი აირის ხარჯების დაფარვა შეწყვიტა. ადგილობრივი მცხოვრებლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მართალია, ცოტა ხნის წინ, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ ბუნებრივი აირის დანახარჯზე, თებერვალსა და მარტში, 50-50 ლარიან შეღავათს დაჰპირდა, თუმცა მარტში დარიგებულ ქვითრებზე, არც ერთი ლარით შეღავათი არ დაფიქსირებულა. მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანია „კასპი გაზი“ მოსახლეობისთვის ახალ სანქციასაც აწესებს. კერძოდ, დავალიანების მქონე ოჯახები, ყოველთვიურად, 10–10 ლარით დაჯარიმდებიან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ წეროვანის დასახლებაში ადგილნაცვალი პირების პრობლემების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებს მიაწვდის.

ორგანიზაცია მოითხოვს, შესწავლილ იქნეს კომპანია „კასპი გაზის“ სატარიფო პოლიტიკა წეოვანის დევნილთა დასახლებისთვის და მთავრობამ მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია ბუნებრივ აირზე დავალიანების მქონე ოჯახებისთვის დახმარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, წეროვანში დასახლებულ დევნილებს მძიმე ზამთარი ელოდებათ.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წეროვანში ადგილანცავლ პირებს 2013 წლის 8 აგვისტოს შეხვდნენ.



კომენტარები