„ახალგაზრდა ადვოკატები“, 8 აგვისტოს, წეროვანსა და დიცში ჩავლენ

7 აგვისტო, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივგების კვირეულს შეუერთდება. ორგანიზაცია ერთი კვირის განმავლობაში, 8 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ადგილნაცვალი პირებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს მათ სამართლებრივ კონსულტაციას და წარმომადგენლობას. ამასთან, ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს რამდენიმე ღონისძიება. „ახალგაზრდა ადვოკატები“, 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. ორგანიზაცია შეხვედრას გამართავს წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ადგილნაცვალი პირების პრობლემურ საკითხებს. „ახალგაზრდა ადვოკატები“, წეროვანში შეხვდებიან ახალგორიდან ადგილნაცვალ ბადრი ტატუნაშვილის 7 სულიან ოჯახს და თანადგომას გამოხატავენ.

აგრეთვე, ორგანიზაციის იურისტები, 8 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცშიც ჩავლენ და კონფლიქტისპირა სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრებიან. ორგანიზაციის ჯგუფი შეხვდება სოფლების: დიცის, ქორდისა და არბოს რწმუნებულსაც.

ღონისძიების მიზანია მხარდაჭერა და თანადგომა ადგილაცვალი პირების მიმართ, მათ წინაშე არსებული პრობლემურ საკითხებში დახმარება, ხოლო უფასო იურიდიული კონსულტაციით, ორგანიზაცია შესაძლებელს გახდის დევნილი მოსახლეობის ეფექტურ კომუნიკაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მათ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში.

 

 



კომენტარები