თბილისის მერია „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციას გაითვალისწინებს

3 სექტემბერი, 2014

თბილისის მერია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციას გაითვალისწინებს. როგორც ორგანიზაციის მიმართ თბილისის მერიის მხრიდან გამოგზვანილ წერილობით პასუხშია გადმოცემული, თბილისის მერის, დავით ნარმანიას პროგრამაში „ერთად ვიზრუნოთ თბილისზე“, რომელიც უმნიშვნელოვანესია დედაქალაქის განვითარებისათვის, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საზოგადოებასთან ურთიერთობას, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის საკითხებს.

„თბილისის განვითარების და მის წინაშე დასახული პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია თითეული მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებები, ინიციატივები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული პრობლემების მოგვარების თქვენეული ხედვა, რომელიც ასახულია დედაქალაქის მერიაში გადმოგზვანილ ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციაში, რაც ვთვლით, რომ გათვალისწინებულ იქნება დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ“ - აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის:  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მერიას სარეკომენდაციო წინადადებებით 2014 წლის 7 აგვისტოს მიმართავს და დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისკენ გადაწყვეტილებების მიღება გონივრულ ვადაში მოითხოვს. საკითხები, რომლის მოგვარებაც ორგანიზაციამ მოითხოვა, შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • დაიწყოს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება და მომზადდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც თბილისის განაშენიანების ახალ პრინციპებს განსაზღვრავს,
  • სწრაფი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული თბილისში მიმდინარე მშენებლობების სანებართვო პოლიტიკის მიმართულებით, შეიცვალოს და გამკაცრდეს არსებული წესი, რათა ახალი მშენებლობები დაექვემდებაროს სამსენებლო სფეროში აღიარებულ სტანდარტს,
  • გადაიხედოს დედაქალაქის მოქმედი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც არ პასუხობს რელურ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნებს,
  • გადაიხედოს თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის დადებული ხელშეკრულება, მომზადდეს ანალიზი არსებული ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ, დადგინდეს ტენდერის გამჭვირვალობის საკითხი, რომლითაც შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ მიეცა ექსკლუზიური უფლებამოსილება დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში;
  • გადაიხედოს და გასაჯაროვდეს თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK-ს შორის დადებული ხელშეკრულება, ანალიზის საფუძველზე, მოხდეს კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება,
  • ამოქმედდეს ახალი რეგულაციები დედაქალაქში ლიფტების მომსახურებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს „ლიფტების საქმიდან“ მიღებული შემოსავლების მართლზომიერების საკითხის დადგენას. თბილისის მერიამ შემოიტანოს ლიფტით მგზვარობის გადახდის ახალი საბარათე სისტემა, რომელიც აპრობირებულია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილებით.
  • თბილისის მერიამ შექმნას კომისია, რომელიც შეისწავლის დისკრიმინაციისა და პოლიტიკური ნიშნით, 2003-2014 წლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს და ყველა შემთხვევის ხასიათიდან მიმართ, მოხდება რეაგირება.
  • თბილისის მერიამ უნდა შეისწავლოს წინა ადმინისტრაციის დროს დაშვებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა - „ბაღების საქმე“, რომლის ძალითაც, 2007 წელს, დედაქალაქის ბაღების ოპტიმიზაციის სახელით, საგანმანათლებლო სისტემიდან არაერთი კვალიფიციური თანამშრომელი გაუშვეს.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2013 წლიდან დღემდე, აღნიშნულ თემებს სწავლობს. 



კომენტარები