„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მიმართავს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების შეფასებისას, ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავშეკავებას სთხოვენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
საზოგადოებამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა შეაფასოს, როგორც საბოლოო ვერდიქტი, რადგანაც საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ორგანიზაცია, ერთი მხრივ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, მეორე მხრივ კი, ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილზე.
სასამართლოს არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა საქმეზე გადაწყვეტილება სრულად გამოეცხადებინა, რითაც დაკმაყოფილდებოდა საზოგადოებრივი ინტერესი და დადგინდებოდა, რატომ მიიღო მართლმსაჯულებამ გამამართლებელი გადაწყვეტილება - ბრალდების მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, არაეფექტური გამოძიების თუ დაცვის მხარის სასამართლო შეჯიბრითობაში უპირატესობით.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებას დაუტოვა ვარაუდის თავისუფლება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული, მეორე მხრივ კი სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის ტესტი ვერ ჩააბარა. საზოგადოების ვარაუდებს პასუხი გაეცემა მას შემდეგ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე დასაბუთებულ განაჩენს გამოაქვეყნებს.
ორგანიზაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ სასამართლოს განაჩენის აღწერილობით ნაწილში განმარტებულია, თუ რაში ედებოდა პირს ბრალი, სამოტივაციო ნაწილში ნაჩვენებია, თუ რა გამოირკვა სასამართლო განხილვაზე და სარეზოლუციო ნაწილში ჩანს, რა დაასკვნა სასამართლომ. თუკი გაგაწყვეტილების რომელიმე ნაწილი სათანადოდ არ არის დასაბუთებული, შეუძლებელია ვისაუბროთ გამოცხადებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობასა და დასაბუთებულებაზე. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც საბოლოო შეფასებები მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება არსებობდეს.