“ახალგაზრდა ადვოკატები” საზოგადოებას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

26 ივლისი, 2013

უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება 27 ივლისს, თბილისში, გამოფენასთან  დაგეგმილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის პარალელურად, პარტიის მიმართ უარყოფითად განწყობილი მოქალაქეების შეკრებისკენ მოწოდების ფაქტს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია  მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.  შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა უფლებების დაცვა ცალხმრივად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხერხდება. ქვეყნის ინტერესების დასაცავად, აუცილებელია საზოგადოება არ გასცდეს კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს და შეკრებას ძალადობრივი ხასიათი არ მისცეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ითვალისწინებენ  20-21 ივლისს ბათუმსა და ზუგდიდში გამართული წინასაარჩევნო კამპანიისას მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტებს და თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაცია თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, არ დაივიწყონ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ბოროტად გამოყენება დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო  ორგანოები განსაკუთრებულ მობილიზებასა და ყურადღებას გამოიჩენენ თბილისში დაგეგმილი შეხვედრების მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად. ძალადობრივი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტური და მიუკერძოებული გამოძიებისა და თითოეულ დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგელობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.  

 



კომენტარები