ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი უვადო პატიმრების საკითხის შესაძლო განხილვის ფაქტს ეხმაურება და „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნულს დადებითად აფასებს.
„ძალიან საორჭოფო საკითხია უვადო პატიმრების თემა. თუმცა, თუ ჩვენ ამოვალთ სახელმწიფოს იმ ძირითადი პოსტულატებიდან, რომლის თანახმადაც, შეწყალების აქტი ითვლება უმაღლეს ჰუმანურ გამოხატულებად სახელმწიფოს მხრიდან, უვადო პატიმრების საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს. შესაძლებელია, ამ მიმართულებით შემუშავდეს კონკრეტული სტანდარტები და მიდგომები, რომლის მიხედვითაც უვადო პატიმრის სასჯელი შეიცვალოს ვადიანი სასჯელით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა.
გაერო-ს ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუკი უვადო პატიმარი იხდის სასჯელს და ამ სასჯელის მოხდიდან გასულია 25 წელი, აღნიშნული პრინციპი და სამართლებრივი დოკუმენტი იმ სახელმწიფოს, სადაც ეს პატიმარი უვადოდ ითვლება, ავალდებულებს, გადაისინჯოს აღნიშნული საქმე. ჩვენ ვართ ევროპული კანონმდებლობის ნაწილი და ამიტომ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განიხილოს ეს საკითხი. აქ არ არის საუბარი ზოგადად უვადო პატიმრობის გაუქმებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მათი საქმის გადახედვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარს სასჯელის 25 წელი მოხდილი აქვს.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას უნდა გავიზიაროთ სპეციალისტების, ექსპერტებისა და საზოგადოების ინტერესები. მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს კარგად დასაბუთებული", - განაცხადაარჩილ კაიკაციშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ.
მისი მქმით, პრეზიდენტის ინიციატივით უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.
„უახლოეს დღეებში შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა, მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა, დარწმუნებულივარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
http://reportiori.ge/?menuid=4&id=41473