მოსამართლეები სამართალწარმოების ვადებს უხეშად არღვევენ

23 ოქტომბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს, დაიწყოს კომპლექსური მიდგომა სასამართლო სისტემაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის - დავების განხილვისთვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადების დარღვევებზე რეაგირების მიზნით და სასამართლო ხელისუფლების ეფექტური მუშაობისთვის, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურული ბაზა, რომელიც ქართულ მართლმსჯაულებაში ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას რეალურად დაეხმარება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოებში, თითქმის ყველა დავის განხილვისის პროცესში, მოსამართლეები არღვევენ კანონს, როდესაც საქმეზე გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხერხდება დავის განხილვისთვის დადგენილ საპროცესო ვადების დაცვით. სასამართლოებში, საკმარისი არ არის არც სხდომათა დარბაზების რაოდენობა, რათა მოსამართლეებს შეეძლოთ, სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნა. არსებობს შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებს ერთი სხდომათა დაბაზის გამოყენება, მხოლოდ კვირაში ორჯერ შეუძლიათ. შედეგად, საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის დაცვით ვერ ხერხდება საქმეების განხილვა. პრობლემა წლების განმავლობაში დგას, თუმცა მის მოგვარებაზე ეფექტური ნაბიჯები არ გადადგმულა.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემაში, კიდევ ერთ პრობლემას, გაზრდილი სასამართლო მიმართვიანობის ფონზე, წარმოადგენს მოსამართლეთა სიმცირე. ერთ მოსამართლეს, განსახილველად 50-ზე მეტი საქმე გააჩნია. ორგანიზაციას აქვს კითხვები, თუ რატომ არ ხდება სამოსამართლო რეზერვის ინსტიტუტის გამოყენება, როდესაც არსებობს მოსამართლეთა რეზერვი, ხოლო იმავდროულად მოსამართლის ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსები? მიგვაჩნია, რომ თუკი არსებობს ვაკანსია, უნდა დასაქმდეს რეზერვში მყოფი მოსამართლეები. უცნობია, თუ რატომ არ იზრდება მოსამართლეთა რიცხვი, მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო  სასამართლოში, მხოლოდ სამოქალაქო კოლეგიაში, 32 მოსამართლეა, რაც ბადებს ეჭვებს, რომ სასამართლო სისტემა არ მიდის ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებისა და განვითარების გზით.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლო სისტემაში დასახელებული პრობლემების მოგვარების გზას წარმოადგენს საქმის განხილვისთვის დადგენილი საპროცესო ვადების გაზრდის გადაწყვეტილება და სასამართლოს შენობათა ინფრასტრუქტურული განვითარება. ამასთან, საეჭვოა და შეკითხვევბს ბადებს, თუ რამდენად მიზნობრივად და გეგმაზომიერად დაიხარჯა სასამართლო რეფორმისთვის დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, თუკი სასამართლოების წინაშე, ელემენტარული საკითხების გადაწყვეტა დღემდე კვლავ გამოწვევად რჩება. თუკი საპროცესო ვადებში საქმეთა განხილვის პრაქატიკა გაგრძელდა, მნიშვნელოვანია, კანონის დარღვევის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა ვადების გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელოს, რათა მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე მხარეებს, სასამართლო სისტემის მიმართ, ექნებათ კანონიერი ნდობა და ობიექტური მოლოდინი.

ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 391-ე მუხლებით განსაზღვრულია საპროცესო მოქმედების ვადები, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო საქმეებს, სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა.

რაც შეეხება ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის შესახებ საქმეებს, ისინი განხილული უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. ხოლო უზენაეს სასამართლოში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა შეადგენს 6 თვე. საპროცესო ვადებში საქმეთა განხილვის პრობლემა დგას თითქმის ყველა ინსტანციაში.

 „ახალაზრდა ადვოკატებმა“ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, 2014 წლის 17 თებერვალს საჯაროდ მიმართეს საქართველოს უზენაესს სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა კონსტანტინე კუბლაშვილმა საკითხი გამოხმაურების გარეშე დატოვა. 



კომენტარები