იუსტიციის სახლში არსებული პრობლემების გასაჯაროებისა და განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებთან შეთანხმებით, სამსახურიდან ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ირაკლი ქველაძე გაანთავისუფლეს.
ირაკლი ქველაძემ 2012 წლის ნოემბერში, ორგანიზება გაუწია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ღია წერილის მომზადებას მინისტრ თეა წულუკიანის შეხვედრის მოთხოვნით. შეხვედრაზე, რომელიც 2012 წლის 8 დეკემბერს შედგა, ირაკლი ქველაძემ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია თანამშრომლების სოციალური და შრომითი უფლებების დარღვევის, შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შვებულებების აკრძალვის, უქმე დღეებისა და შესვენების პერიოდში დაწესებული გრაფიკის გამოუყენებლობის შესახებ. ირაკლი ქველაძემ, ასევე მინისტრს გადასცა ოფიციალური დოკუმენტაცია იუსტიციის სახლის მაღალი თანამდებობის პირების პრემიებისა და ხელფასების შესახებ და მიუთითა, რომ ამ თვალსაზრისითაც, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უთანასწორი დამოკიდებულება არსებობდა.
ირაკლი ქველაძის მხრიდან ხელმძღვანელობის მხილებას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორ ნინო ჩიჩუას, თბილისის იუსტიციის სახლის აწ უკვე ყოფილ დირექტორ გივი ჭანუყვაძისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელმძღვანელ ლევან სამადაშვილის მხრიდან რეპრესიული ქმედებების განხორციელება მოჰყვა. მათ თანამშრომლის საქციელი სუბორდინაციის დარღვევად და „დანის ზურგში ჩარტყმად“ დაახასიათეს. ირაკლი ქველაძის სამუშაო მაგიდასთან დაიწყო თვალთვალი და თანამშრომლების დაკითხვა. ნინო ჩიჩუას მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ირაკლი ქველაძე არაკვალიფიციურ თანამშრომლად შეფასდა და მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს, მას ქცევის სტანდარტები დაუწუნეს.
2013 წლის 23 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა საქმეზე გამოაქვეყნდა დასკვნა, სადაც ყველა ის ფაქტი და გარემოება, რომლითაც ნინო ჩიჩუას მოხსენებითი ბარათით, ირაკლი ქველაძე დაადანაშაულეს, არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ქველაძეს, იუსტიციის სახლში მუშაობის პერიოდში, 2010 წლიდან, არც ერთი საყვედური არ მიუღია. დასაქმებულმა სისტემაში მუშაობა დაიწყო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, რაც მის კვალიფიციურობაზე მიუთითებს.
მიუხედავად ამისა, ირაკლი ქველაძესთან, 2013 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტომ ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება გაუგრძელა, თუმცა არა ირაკლი ქველაძეს, რომელსაც ამ დრომდე, ოფიციალურად, სააგენტოდან, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასაბუთება არ მიუღია. ამჟამად, ირაკლი ქველაძის საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
ირაკლი ქველაძე გათავისუფლებას თავის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, გამოხატვის თავისუფლებას და იუსტიციის სახლის მაღალი თანამდებობის პირების მხილებას უკავშირებს. მოსარჩელე ასაბუთებს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას და სააგენტოს ბრძანების გაუქმებას და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. ამასთან, ირაკლი ქველაძე სააგენტოსგან განაცდური დღეების ანაზღაურებას და თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერისგან პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, თავის დროზე, შიდა ელექტრონული ქსელით გავრცელებული ცნობების უარყოფას მოითხოვს.
გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის. გათავისუფლებული ინფორმაციას მიაწვდის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსაც.
ირაკლი ქველაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნინი ისაკაძე დაიცავენ საქმეს განიხილავს მოსამართლე ანჟელი ხუროძე. ამ ეტაპისთვის, სასამართლო სხდომის ჩანიშვნისთვის, ყველა სამართლებრივი პროცედურა ამოწურულია.