„ახალგაზრდა ადვოკატები“ უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესახებ სემინარს ესწრება

10 დეკემბერი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარე სამდღიან სემინარს ესწრება. სემინარი პირველი დღე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და გერმანიის სამართლებრივი განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ამალია ვუკერტმა გახსნეს. სემინარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“, საერთო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის − სამართლიანი სასამართლოს უფლების − თემაზე სემინარის მონაწილეებს ლექცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წაუკითხა.

სემინარის თემატიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს უკავშირდება. სწავლების მონაწილეები მოისმენენ ლექციებს სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებების შესახებ. მომხსენებელთა შორის არიან ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე ოტო მალმანი და საჯარო მმართველობის ფედერალური პროფესიული სასწავლებლის პროფესორი მიქაელა ვიტინგერი.

სემინარის მიზანი კონვენციის უმნიშვნელოვანესი საკითხების მიმოხილვა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებების შესახებ მონაწილეთათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი უფლებებისა და მათ საფუძველზე ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა და გამოყენება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლის განვითარებას საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სემინარი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გერმანიის სამართლებრივი განვითარების ფონდის (IRZ) მხარდაჭერით იმართება.

 



კომენტარები