„ახალგაზრდა ადვოკატების“ წინადადებაზე, პარლამენტმა ფინანსთა სამინისტროს პოზიციის წარმოდგენა დაავალა

12 დეკემბერი, 2014

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წინადადების განხილვა და პოზიციის წარმოდგენა დაავალა. ორგანიზაციამ 2014 წლის 26 ნოემბერს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას სარეკომენდაციო წინადადებით მიმართა, რათა  2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულებებებისთვის, საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების საკითხზე ემსჯელა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, 2014 წლის 10 დეკემბერს, წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა საკითხზე სამინისტროს საკუთარი პოზიცია წარმოედგინა.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ მოითხოვა, ობიექტურად შეფასდეს ქვეყანაში ერთჯერადი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების საჭიროება და განმეორებით იქნეს მიღებული კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ”, რომელიც მეწარმე სუბიექტებს, 2005-2012 წლებში, დაფარული გადასახადებისაგან გათავისუფლებას და არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების საშუალებას მისცემდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, შესაძლო ერთჯერადი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, სახელწმიფომ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში უნდა მოიაზროს, ვინაიდან 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, ადგილი ჰქონდა თავისუფალი ბიზნეს საქმიანობის მიმართ ღია თუ ფარულ ჩარევას. ორგანიზაციის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამეწარმეო-ეკონომიკური დანაშაულისათვის, 2005 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 646 პირის მიმართ, 2006 წელს - 684, 2007 წელს- 191, 2008 წელს - 64, 2009 წელს- 87, 2010 წელს - 294, 2011 წელს - 327, 2012 წელს - 99, 2013 წელს -70, ხოლო 2014 წლის 6 თვის მონაცემით - 27 პირის მიმართ, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სამეწარმეო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე, ბრალი წარედგინათ 2010 წელს 279 პირს, 2011 წელს - 342, 2012 წელს - 164, 2013 წელს - 182, ხოლო 2014 წლის 6 თვის მონაცემით, 81 პირს.

ორგანიზაციის შეფასებით, 2005-2014 წლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 190-207-ე მუხლებით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშულისათვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკა დაბალია, ვინაიდან 2004 წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ერთჯერადმა ამნისტიის აქტმაც აჩვენა, რომ დეკლარირებული იქნა 11,664,302 ლარის ღირებულების ქონება, მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღებისას, სახელმწიფო იმედოვნებდა, რომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების ქონების დეკლარირება მოხდებოდა. შესაბამისად, 2005-2014 წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ეკონომიკური დანაშაულის ფაქტები კვლავ სახეზეა, თუმცა აღნიშნული დანაშაულის გახსნის სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღემდე ეკონომიკურ ხასიათის დანაშაულებებს ისევ გააჩნია ფარული მოქმედების სფერო და დანაშაულის არაოფიციალური სტატისტიკა, გაცილებით მაღალია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თუკი სახელმწიფო განიხილავს ამნისტიის გამოცხადების საკითხს, მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს 2004 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებული ამნისტიის მოლოდინებისა და შედეგეების თანაფარდობას და სწორ ანალიზსს. ჩვენი აზრით, საგადასახადო ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა მეწარმეზე, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე არ უღიარებია საგადასახადო დავალიანება. სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს და სასჯელისაგან გათავისულდნენ ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინანსწარ დაანონსებული ამნისტია ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, რადგან, ასეთ დროს, ხდება პოტენციური კანონდამრღვევის წახალისება დანაშაულის ჩასადენად იმ იმედით, რომ ამნისტიის შედეგად ის გათავისუფლებული იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ამნისტიის გამოცხადებას ექნება აზრი, თუკი ეს დასრულებულ პერიოდს შეეხება. შესაბამისად, ფინანსური ამნისტია გამოცხადდეს 2012 წლის 31 დეკებრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის, საშუალებას არ მისცემს მოქალაქეებს, ამნისტიის იმედით  ჩაიდინონ ახალი დანაშაული.

სახელმწიფომ საგადასახადო ამნისტია 2004 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა და მიიღო ერთჯერადი კანონი: „ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“. 



კომენტარები