ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქობულეთის ინციდენტთან მიმართებით მყისიერ რეაგირებას და შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შეხვედრა იყო მესამე სექტორის წარმომადგენლებთან სამინისტროს ეფექტური კომუნიკაციის გამოხატულება. შეხვედრა იყო აქტუალური და დაისვა ყველა კითხვა, რომელიც საქმის მიმართ არსებობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებადამცველებს ვიდეო–ფირი გააცნო, სადაც ჩანს დაკავების შემდგომ ახალგაზრდების მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატული სიტყვიერი შეურაცხყოფა. უფლებადამცველების მხრიდან დეტალურად იქნა განხილული საქმესთან დაკავშირებული მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, რომელიც შემთხვევის ცალკეული გარემოებებიდან გამომდინარეობდა. დაისვა გავრცელებული კადრების ავთენტურობის საკითხიც. ამასთან, ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია დაკავებული ახალგაზრდების წარსულში ჩადენილი კანონდარღვევების შესახებ, თუმცა ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ ნებისმიერი შემთხვევის მიმართ, პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიიღეს ინფორმაცია, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება, დაახლოებით, ერთ კვირაში დარსულდება. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება დაელოდოს გამოძიების შედეგებს და არ მოხდეს საკითხის მიმართ მცდარი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება. ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს გამოძიების მიმართ კანონიერი ნდობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა, რათა საქმეზე დადგინდეს სიმართლე და აღდგეს სამართლიანობა.
შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2013 წლის 15 ივლისს მიმართეს, რათა დაჩქარდეს გამოძიება იმ საქმეზე, რომელიც ეხება ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების ქმედებებს, რომლებმაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, 2013 წლის 25–26 მაისს, სამი ქობულეთელი ახალგაზრდის მიმართ ჩაიდინეს არამართლზომიერი ქმედება. სამინისტროს მიერ დღეს წარმოდგენილი ვიდეო–მასალით, ამ ეტაპზე, წინააღმდეგობის ფაქტი, მხოლოდ დაკავებულების მხრიდან ვლინდება, თუმცა მნიშვნელოვანია საქმეზე ყოვლისმომცველი დასკვნის გაცნობა და მიღებული შედეგების შესახებ საზოგადოების შემდგომი ინფორმირება.