„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამეცნიერო ჟურნალის მეორე ნომერი გამოსცა

22 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სამართლებრივ საკითხებზე მომზადებული სამეცნიერო ჟურნალის მეორე ნომრის პრეზენტაცია გამართეს. სამეცნიერო ჟურნალი ორგანიზაციის სახელწოდების ქვეშ გამოიცა, რომელიც სამართლის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებს, ახალგაზრდა ადვოკატებს, დამწყებ თუ მოქმედ იურისტებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე, საკუთარი პუბლიკაციები და სტატიები, ჟურნალის მეშვეობით, ფართო მკითხველამდე მიიტანოს.

ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჟურნალის რედაქტორ მარიკა არევაძის განცხადებით, ჟურნალი 6 თვეში ერთხელ გამოიცემა და მომდევნო გამოცემაში, უკვე ადგილი დაეთმობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაშუქებასაც. ამჟამად, სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა გვანცა ჩადუნელის სტატია თემაზე: „საჯარო რეესტრის ხარვეზიანი ჩანაწერის მოქმედება უძრავ ნივთზე განხორციელებულ ტრანზაქციებში“, ანანო ნიაურის სტატია თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები საქართველოში და მათი შედარებითი ანალიზი ფრანგულ კანონმდებლობასთან“, ნინი გვენცაძისა და საბა ბრაჭველის სტატია თემაზე: „ელექტრონული მონიტორინგი - ციხის ეფექტური ალტერნატივა“. ჟურნალში გამოქვეყნებულია მარიკა არევაძის პუბლიკაციაც: „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის თავისებურებანი“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჟურნალის პირველი ნომერი 2014 წლის მარტში გამოსცა. ამჟამად სამეცნიერო ჟურნალს მინიჭებული აქვს პერიოდული გამოცემის ISSN კოდი და არის რეფერირებადი.



კომენტარები