ცესკოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

13 ივნისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართავს და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ ცსკო–ს რეკომენდაციით 2013 წლის 11 ივლისს უკვე მიმართა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, მარიამ ნეფარიძემ განაცხადა.

ორგანიზაცია ეხმაურება რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ  რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში, მონაწილეობას ვერ მიიღებენ. რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა რაოდენობა არც თუ ისე მცირეა. ცესკოს მონაცემებით, ასეთ ამომრჩეველთა რაოდენობა 97 000 -ს აღემატება.

ორგანიზაციის შეფასებით, რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის უფლება, ერთის მხრივ, წარმოშობს რისკს, რომ ასეთი ამომრჩევლები ერთდროულად აღმოჩნდენ ორი საარჩევნო უბნის სიაში, რაც ზიანს აყენებს ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებთან. მეორეს მხრივ, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა  წინააღმდეგობაში მოდის ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზებასთან და 97 000-ზე მეტ ამომრჩეველს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას  18 წელს მიღწეულ ყველა საქართველოს მოქალაქეს ანიჭებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ ცესკოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კონსტიტუციური პრინციპების დაცვა საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებზე მაღლა უნდა იდგეს. ორგანიზაცია ცესკოს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს.



კომენტარები