განათლების სამინისტროს კოლეჯი შრომის იძულებითი განაცდურისთვის 1300 ლარს გადაიხდის

13 იანვარი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოევრივი კოლეჯ „ახალი ტალღა“, შრომის იძულებითი განაცდურის გამო, დირექტორის ყოფილ მოადგილეს, თამარ კაიკაციშვილს, 1300 ლარს გადაუხდის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე თამარ სვანიძის ხელმძღვანელობით, საქმესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 2015 წლის 12 იანვარს მიიღო. მხარეებმა უარი განაცხადეს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებაზე და დავის იგივე საგანზე, იმავე საფუძვლით გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ, ეს გახლდათ მესამე სარჩელი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი დავის - შრომის ანაზღაურება იძულებითი განაცდურის დროს, მნიშვნელოვანი ნაწილი, ორგანიზაციის იურისტებმა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით დაასაბუთეს.

საქმე ეხება სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორ დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 19 ივნისს, განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო, პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებული მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის საკითხს. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 სექტებრამდე. შრომითი ხელშეკრულება მოიშალა ვადამდე ადრე, 2012 წლის 19 ივნისს, რასაც საფუძვლად დაედო თამარ კაიკაციშვილის იძულება – პირადი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა თანამდებობა. კოლეჯთან ცალკე დავაში, საკასაციო სასამართლომ, აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მკაფიოდ და ცალსახად მიუთითა, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება მოხდა მისი ნებისგან დამოუკიდებლად, ხელშეკრულების ვადამდე ადრე მოშლა არ გახლდათ მხოლოდ ორმხრივი ნების შედეგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით: „თამარ კაიკაციშვილის მიერ საკუთარ მოვალეობათა შეუსრულებლობა განაპირობა დირექტორის მხრიდან თანამდებობის დატოვების მოთხოვნამ“. შესაბამისად, თამარ კაიკაციშვილმა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდგომ, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსთხოვა და მიუთითა, რომ არა კოლეჯის დირექტორის მხრიდან თანამდებობის დატოვების მოთხოვნა/იძულება, შრომითი ხელშეკრულება, ავტომატურად გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა 2012 წლის 1 სექტემბერს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტების მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ, თამარ კაიკაციშვილის საქმეზე, სამი სხვადასხვა დავის შედეგი ასეთია:

  1. 2013 წლის 13 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ, დავა მორიგების საფუძველზე შეწყვიტა, რომლის საფუძველზეც, სასწავლებლის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა წერილობითი ფორმით უარყო ყოფილი მოადგილის მიმართ 2012 წლის 11 ივლისის ადმინისტრაციულ თათბირზე მიღებულ სხდომის ოქმში თამარ კაიკაციშვილის პიროვნული და პროფესიული ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება.
  2. 2012 წლის 9 ნოემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს #2–381/2012 გადაწყვეტილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის #2/ბ–13–13– გადაწყვეტილებითა და 2014 წლის 20 თებერვლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ას–45–518–2013–ის გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი კოლეჯის დირექტორის 2012 წლის 18 და 19 ივნისს მიღებული #34 და #36 ბრძანებები თამარ კაიკაციშვილის ჯერ გაფრთხილებისა, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საკასაციო ინსტანციამ კოლეჯის სარჩელი 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით, (#545–518–2013) დაუშვებლობის გამო, განუხილველი დატოვა. სასამართლოს აღსრულება კოლეჯმა იძულების წესით მოახდინა. თამარ კაიკაციშვილმა მიიღო კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით.
  3. 2014 წლის 27 მაისს, თამარ კაიკაციშვილმა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის მიმართ ახალი სარჩელი შეიტანა და იძულებითი განაცდურის დროს, შრომის ანაზღაურება მოითხოვა. კოლეჯმა 2014 წლის 17 ივნისის შესაგებელი სარჩელით მოთხოვნას უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სცნობდა. მხარეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 2014 წლის 1 დეკემბერს, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. 2015 წლის 12 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დავა მორიგებით დასრულდა.

თამარ კაიკაციშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტები: ჯუმბერ სირაბიძე და არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდნენ. კოლეჯის ინტერესს იცავდა სასწავლებლის იურისტი: ჭაბუკი ვერულიძე.

 



კომენტარები