დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, სტუდენტების სერთიფიკატები ყალბდებოდა

12 ივლისი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავა, თავისი შინაარსით, ცდება სამართლებრივ მსჯელობას და საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პერიოდში სტუდენტებისთვის ყალბი სერტიფიკატების გაცემის ფაქტს. საქმე ეხება დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, შაშკინის ხელმოწერით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის გაცემულ სწავლის დასრულების დამამტკიცებელ სერტიფიკატებს. თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2008–2009 წლებში, კურსდამთავრებულებისთვის ყალბ დიპლომებს, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გასცემდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პერიოდში, სასწავლებელს არც სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნდა და არც უფლებამოსილება – სერტიფიკატები გაეცა. ამ მიმართულებით, სასწავლებლის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის ვალდებულება, უშუალოდ მინისტრ დიმიტრი შაშკინს უნდა მოეხდინა, თუმცა სერტიფიკატები იბეჭდებოდა სწორედ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით და სამინისტროს კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირება, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოუხდენია.

ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ნინო ქუმსიაშვილს დამსაქმებელთან სერტიფიკატის ნამდვილობის საკითხის გარკვევის დროს, პრობლემები შეექმნა. ნინო ქუმსიაშვილმა თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2010 წელს დაამთავრა და სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი განათლების მაშინდელი მისნიტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით მიიღო. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელთან გაურკვევლობა წარმოიშვა, მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და მოითხოვა სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურება. მოსარჩელეს ნამდვილობის დადასტურებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ 2008-2009 წლებში, სასწავლებელს არ გააჩნდა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებს დაშვებულ შეცდომას, თუმცა დღემდე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, რამდენად კანონიერი გახლდათ მინისტრ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული სერტიფიკატები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული. ამასთან, სამინისტრომ მოსარჩელესთან კომუნიკაციის დროს, არ გაითვალისწინა ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, კეთილსინდისიერება სასწავლებელთან ურთიერთობის დროს და სერტიფიკატის აღიარებაზე უარი განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ სასამართლო წესით, ორი მოითხოვნა გააჩნიათ: გაუქმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ 2013 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება სერტიფიკატის აღიარების შესახებ და ცენტრს დაეკისროს ახალი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის გამოცემა ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. ორგანიზაცია, ასევე, ცალკე შეტყობინებით მიმართავს სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურებს, რათა დაიწყოს საქმეზე ეფექტური მოკვლევა და გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ პრობლემის თავიდან არიდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე ნინო ონიანი განიხილავს. სასამართლოში სხდომის ჩანიშვნისთვის ყველა პროცესუალური ეტაპი უკვე ამოწურულია.



კომენტარები