„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის შესახებ სამართლებრივი კვლევა წარმოადგინა და საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, პრობლემის მოგვარების სარეკომენდაციო პაკეტი შესთავაზა. 18 სარეკომენდაციო წინადადება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების საკითხთან მიმართებით, დღემდე არსებულ ყველა მოსაზრებას, არსებითად ცვლის. დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ნაწილი სრულიად ახალია საზოგადოებისთვის და იბეჭდება პირველად, მათ შორის, 1990–იან წლებში, ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული საკრედიტო კომპანიები.
კვლევა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის შესახებ მომზადებული პირველი დოკუმენტია, რომლითაც ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული პროცესის სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს მიერ პრობლემის მოგვარების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება, ხელისუფლების მოქმედებების ეფექტურობისა და მართლზომიერების შესახებ დასკვნის მომზადება, ეროვნული და ევროპული სასამართლოების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და სხვა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო რეკომენდაციების პაკეტი, რომლითაც ხელისუფლებას მიეთითებოდა პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო მოქმედებებისა და სტრატეგიის შექმნის შესაძლებლობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევა 2013 წლის თებერვლიდან დაიწყეს. საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეთავაზებული სარეკომენდაციო პაკეტი მომზადდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, რომელთანაც ორგანიზაციამ უშუალო კომუნიკაცია აწარმოა. ამასთან, კვლევაში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, საქართველოს სასამართლოების მიერ ანაბრების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, ანაბრების პრობლემის გადაჭრისთვის შექმნილი სახელმწიფო კომისიების საქმიანობა, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონი, რომელიც საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საფუძვლებს ქმნის, პრობლემის მიმართ სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების და ექსპერტული საზოგადოების შეხედულებები.
კვლევის პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ეკონომისტები, ფინანსისტები და იურისტები ესწრებოდნენ.