მთავარმა პროკურატურამ „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაცია მხედველობაში მიიღო

2 ივლისი, 2013

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორგანზიაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2013 წლის 17 მაისს, თბილისში გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაცია, ფაქტების ეფექტური გამოძიებისთვის, ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას გადასცა. ორგანიზაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ცნობით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს რეკომენდაცია ძველი თბილისის შს სამართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის 17 მაისის აქციაზე ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიების მიზნით გადაეცა. ორგანიზაცია პროკურატურის ასეთ რეაგირებას მიესალმება და დაინტერესებულია მომხდართან დაკავშირებით კანონის უზენაესობით.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 2013 წლის 24 მაისს რეკომენდაციით მიმართა, რომელიც თბილისში, 17 მაისს, საპროტესტო აქციის წარმომადგენელთა მხრიდან გამოვლენილი იმ ძალადობისა და აგრესიის მიმართ პასუხისმგებლობის დასმას ეხებოდა, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ და ორგანიზაცია „იდენტობა“-ს მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციის მონაწილეთა მიმართ. ორგანზიაციამ რეკომენდაცია ძალადობის ფაქტების შესწავლის შემდეგ მოამზადა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სამი რეკომენდაცია მიიღო:

– საქმესთან დაკავშირებით შესწავლილ იქნეს ყველა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და სამართალდამრღვევების მიმართ დროულად იქნას გატარებული ადეკვატური ზომები;

– დადგეს საპროტესტო აქციის მონაწილე ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც  ძალადობითა და ძალადობისაკენ მოწოდებით შეკრების მონაწილეებს არ მისცეს ჰომოფობიის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა;

– დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს მოსალოდნელი რისკები და ვერ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის სავალალო შედეგები, რაც შეიძლება დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვიოს.

 

 



კომენტარები