საქართველოს ადვოკატების პროტესტი სამართლიანია

30 მაისი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საქართველოს ადვოკატების საპროტეტსო აქციის მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არ დაამტკიცოს წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც დაცვის ინსტიტუტის უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადვოკატს მტკიცებულებების ამოღებისა და ჩხრეკის უფლება არ აქვს. გარდა ამისა, პროკურორი საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლებით სარგებლობს, ადვოკატი კი - არა.  დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად. კანონპროეტი, რომელიც ადვოკატს ამ უფლებებს ანიჭებდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო მეორე მოსმენისას, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლითაც დაცვის მხარის სასარგებლოდ მიღებული ნორმა გაუქმდა და კანონის მოქმედებამ 2014 წლის სექტემბრამდე გადაინაცვლა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კოდექსში არსებული ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადვოკატის უფლებას თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე განახორციელოს საქმიანობა, ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრითობის პრინციპს, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს თვითონ ბრალდებული მხარის უფლებებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი, უსამართლოდ ახდენს ბრალდების მხარის უპირატესობის ლეგალიზებას. ეს ნორმა, ასევე წინააღმდეგობაში მოდის „ადამიანაის უფლებათა ევროპული კონვენციითა“ და საქართველოს შიდა კანონმდებლობით აღიარებულ და განმტკიცებულ ადამიანის ძირითადად (ფუნდამენტალურ) პრინციპებთან. უკიდურესად ბრკოლდება დაცვის მხარის უფლება მტკიცებულებათა მოპოვების ნაწილში, რადგან მნიშვნელოვან მტკიცებულებათა მოპოვებისათვის აუცილებელია დროული ჩხრეკითა და შესაბამისი საპროცესო მოქმედებით განხორციელებული მოქმედება. კანონპროექტის არსებული რედაქცია მნიშვნელოვნად არღვევს სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპს, რომელიც დაფუძნებულია მხარეთა შეჯიბრებითობასა და თანასწორუფლებიანობაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 და 38-ე მუხლებით, ბრალდებულ მხარეს, ისედაც კანონიერად აქვს მინიჭებული.

მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა ობიექტურად შეაფასოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მისაღები ცვლილებების გავლენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის აუცილებლობითაც და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროტესტი შეფასდეს პასუხისმგებლობით. ამასთან, მივიჩნევთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების მიმართ ვეტოს დადება სწორი სამართლებრივი ნაბიჯი იყო. თუკი პარლამენტი ადვოკატთა კორპუსის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ამით დაცვის მხარის მიმართ გაგრძელდება ის დისკრიმინაციული მოპყრობა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა. შედეგადაც, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ, საქართველოში ადვოკატის საქმიანობა რისკის ჯგუფის კატეგორიას მიაკუთვნა. 



კომენტარები