არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრ თამარ სანიკიძეს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და საკუთარი ოჯახის საქმეზე სამართლიანობის აღდგენის დაჩქარება სთხოვა. საქმე ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ "ახალი ტალღის" დირექტორ დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 6 ივნისს, მოადგილის თანამდებობიდან, პოლიტიკური ნიშნით, სკანდალურად გათავისუფლებულ თამარ კაიკაციშვილს, რომელიც განათლების სამინისტროდან მიღებული დირექტივის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში, ბიძის, ვაჟა ბერიძის ყოფნის გამო გაუშვეს. რას ითხოვს ადვოკატი, რატომ აჭიანურებს სამინისტრო საქმეზე სიმართლის გარკვევას, რა შენიშვნები და პრეტენზიები გააჩნია დაზარალებულის ოჯახს და რა სკანდალური დოკუმენტის გამოქვეყნებას გეგმავს "ახალგაზრდა ადვოკატები" ქობულეთის კოლეჯში არსებული ვითარების შესახებ, "გურია ნიუსი" თავად არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა.
– არჩილ, რატომ გამოთქვამთ პრეტენზიას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის მიმართ და რა ახალი ინფორმაცია მიაწოდეთ თამარ სანიკიძის უწყებას?
– განათლების სამინისტრო, 2012 წლის ივნისში, ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ძალადობის შესახებ იმთავითვე ჩავაყენე საქმის კურსში და ყოვლისმომცველი საადვოკატო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, სწორედ სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების მხილება იყო, რომელებმაც ქობულეთის კოლეჯიდან ჩემი დის გაგდების გადაწყვეტილება მიიღეს. საქმეში, ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი შედეგი დადგა. როგორც შაშკინის, ასევე ხათუნა დეკანოიძის დროს, სამინისტრომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული სასამართლო ეტაპზე, თუმცა მათ აირჩიეს გზა, ბოლომდე დაეცვათ კოლეჯის მოქმედი დირექტორის, დავით მჭედლიშვილის სახელი. ჩემს ხელთაა დოკუმენტი, რომლითაც, სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ლალი ებანოიძე მატყობინებს, თუ რა წვლილს იღებდა თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებაში სამინისტრო. როდესაც ეს წერილი სამინისტროში გავასაჯაროე, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, შოკში ჩავარდა. სწორედ ლალი ებანოიძემ დაურეკა დავით მჭედლიშვილს 6 ივნისს და გადასცა მინისტრ შაშკინის დავალება, რომ კადრები შეეცვალა, კაიკაციშვილი თანამდებობიდან გაეშვა. აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა თავად კოლეჯის პიარ–სამსახურის უფროსმა, მირანდა კომახიძემ ჩვენს ოჯახში სტუმრობისას (მირანდა ჩვენი ნათესავია), თუმცა გიორგი მარგველაშვილი არ აღმოჩნდა მზად დავით მჭედლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებია. მარგველაშვილმა მოახერხა ის, რომ ლალი ებანოიძე თანამდებობიდან თამარ კაიკაციშვილის საქმის გამოც გაათავისუფლა, დღეს კი, ეს ქალბატონი, სოციალურ ქსელებში, ნამუსგარეცხილს მიწოდებს იმის ნაცვლად, საკუთარ კეთილსინდისიერებაში ჩაიხედოს. სამინისტროში ზღვა მასალაა, რომელიც ქმნის კოლეჯის კანონდამრღვევი დირექტორის გათავისუფლების საფუძვლებს. შეხვედრა მქონდა მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილთანაც, თუმცა სამინისტროს ეფექტური რეაგირება არ მოუხდენია. წერილობითი კომუნიკაციის დროს, მიზეზად შრომითი დავის სასამართლო განხილვა სახელდებოდა, თუმცა სამინისტროს პასუხი და ქმედითი რეაგირება ამ დავის მიღმა არსებულ დოკუმენტებზეც უნდა მოეხდინა, რომელიც ჯერ მინისტრის მოადგილეს არაოფიციალურად, 2013 წლის 11 ივლისს კი ოფიციალურად მივაწოდე. ამიტომაც მივმართე ახალ მინისტრს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს თამარ კაიკაციშვილის საქმე, სამინისტრომ პრობლემის მიმართ გამოიჩინოს სამართლიანი მიდგომა, შესწავლილ იქნეს 11 ივლისს გადაცემული მასალები და მიიღოს შესაბამისი ზომები სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ "ახალი ტალღის" მოქმედი დირექტორის თანამდებობრივი და სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის დასმის შესახებ.
– რას ეხება დოკუმენტი, რომელიც 11 ივლისს მინისტრს გაუგზვანეთ?
– დოკუმენტში დეტალურადაა მოცემული სკანდალური მონაცემები საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული კლანური მმართველობისა და ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ. სხვა კანონდარღვევით ფაქტებზე. მიმაჩნია, რომ სამინისტრო გულგრილი ვერ იქნება წარდგენილი მტიცებულების მიმართ. სამართლიანობის აღდგენა არის ჩემთვის მთავარი მიზანი. მიმაჩნია, რომ დღეს სამინისტროს სახელით მოსაუბრე დავით მჭედლიშვილმა სამინისტროშიც თავის ლობისტებს და საზოგადოებას მთლიანად, უნდა აუხსნას, რა კავშირი აქვს სინამდვილესთან დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, სამინისტრი მუდმივად მწერდა, რომ მესაუბრა ფაქტებით. ახლა არსებობს ფაქტები და ვფიქრობ, სიმართლის ძალა მტკიცებულებებშია.
– როგორც ცნობილია,თქვენ აპირებთ ამ ინფორმაციის სააშკარაოდ გამოტანას?
– რა თქმა უნდა, თუმცა ჯერ სამინისტროს პოზიციაა მნიშვნელოვანია. "ახალგაზრდა ადვოკატები" ქობულეთის კოლეჯის საქმიანობას სწავლობს და დასკვნას აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებს. დოკუმენტზე ჩემი კოლეგები მუშაობენ და წინასწარი შედეგები ჩემთვის უკვე ცნობილია. ეს შედეგები ძალიან მძიმეა და მიმაჩნია, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აუცილებლად მოუწევს საკუთარი ადგილობრივი აგიტატორის, დავით მჭედლიშვილის ღირსების დაცვა. სხვათაშორის, ეს არის კაცი, რომელსაც პრეზიდენტმა ღირსების მედალი პარტიული ერთგულებისთვის გადასცა, დღეს კი "ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში დამკვიდრებას ცდილობს. როგორც ამბობენ, მჭედლიშვილს თავისად მიჩნეულ კოლეჯში, დღემდე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები აქვს გამოფენილი. ბუნებრივია, მას აქვს უფლება პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ უფლება არ აქვს უკანონო ბრძანებები შეასრულოს.
– რატომ ფიქრობთ, რომ კოლეჯის დირექტორმა სამინისტროდან დავალებები შეასრულა და თამარ კაიკაციშვილი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს?
– საქმე ვრცელია და ბუნებრივია, ყველა დეტალზე ვერ შევჩერდები. მთავარს მოგახსენებთ. დავით მჭედლიშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ სამინისტროდან მიღებული გადაწყვეტილება შეასრულა. ეს გაიმეორა კოლეჯის საქმის მწარმოებელმა ანა ალექსეევამ, იურისტმა ჭაბუკი ვერულიძემ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი აუდიო მტკიცებულებები, რომელიც გასაჯაროებულია და სასამართლოსთვისაც ცნობილი. სწორედ ესეც არ აპატიეს ჩემს დას, როდესაც კოლეჯის ეზოში, ბატონი მჭედლიშვილი მეგაფონით ხელში გამობრძანდა, შეკრიბა სრულიად სასწავლებელი და თამარ კაიკაციშვილის სურათები კოცონზე დაწვეს! ჩემს ხელთაა ყველა ვიდეო კადრი. მათ შორის, როგორ ბედავს და ატყუებს ბატონი მჭედლიშვილი საქმის შესახებ მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილს. თამარ კაიკაციშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაადასტურა როგორც ბათუმის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.
– რა ეტაპზეა საქმე?
– იმის გამო, რომ მჭედლიშვილის დავალებით ჩემი დის ფოტოები კოლეჯის ეზოში დაიწვა, დაიწყო მიზანმიმართული ანტაგონისტური გარემოს ჩამოყალიბება, თამარ კაიკაციშვილს სამსახურში აღდგენა აღარ მოუთხოვია. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩვენი ოთხივე მოთხოვნა დააკმაყოფილა: ბათილად სცნო დისციპლინარული წესით, ჯერ გაფრთხილების, ხოლო შემდეგ გათავისუფლების ბრძანება, კოლეჯს დაავალა ხელშეკრულების მოშლა შეწყვეტის ნაცვლად (შეწყვეტა ნიშნავდა დარღვევების გამო გათავისუფლებას) და შრომის წიგნაკში გათავისუფლების საფუძვლების შეცვლას. სასამართლომ, ასევე იმსჯელა არანაკლებ ერთი თვის კომპენსაციის გაცემაზეც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ გაფრთხილების ბრძანება არ გააუქმა. სააპელაციო ინსტანციამ არ დაასაბუთა გადაწყვეტილება. ამიტომაც, ჩვენ მივმართეთ უზენაესს სასამართლოს. სხდომა უახლოეს პერიოდში უნდა ჩაინიშნოს. სასაცილოა, როდესაც მოპასუხეს მხოლოდ სამი ადვოკატის დაქირავება უწევს იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე დაადასტუროს. მჭედლიშვილი ხათაბალაში მას შემდეგ გაეხვა, რა დროსაც, 6 ივნისს, თამარი თანამდებობიდან გაათავისუფლა, 11 დღის მანძილზე სამსახურში არ მიუშვა, 18 ივნისს დისციპლინარული წესით გააფრთხილა, ხოლო 19 ივნისს თანამდებობიდან გაათავისუფლა. ყველა ინსტანციამ ცალსახად მიუთითა, რომ გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. სხვათაშორის, უკანონო გათავისუფლება დაადასტურა წამყვანმა ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიღებული პეტიციით, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, გაეროს–ს საქართველოს წარმომადგენლობამ კი მომხდარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვად შეაფასა. სამინისტროს დღეს სჭირდება პოლიტიკური ნება, რომ საქმეზე პირუთვნელი გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ „კერკეტი კაკალი,“ როგორც პრემიერი ახალ მინისტრს ახასიათებს, მართლაც გამოიჩენს სათანადო პრინციპულობას და სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენას, თამარ კაიკაციშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით დაიწყებს.
თამარ ლეფსვერიძე, ხუთშაბათი, 15 აგვისტო, "გურიანიუსი"