„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის“ პროექტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

19 მაისი, 2015

2015 წლის 18 მაისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. მათ შორის, ხელშეკრულება გაფორმდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებთან“, რომლის საპროექტო წინადადებაც ,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეხვედრაზე მიგრანტთა იურიდიული მომსაუხრების შესახებ, პროექტით გათვალისწინებული ეტაპების პრეზენტაცია წარმოადგინეს და სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღნიშნული კონკურსი საქართველოში, პირველად, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად დაიწყო, ამისთვის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო, რომელიც გრანტის სახით  კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო  ორგანიზაციებზე გადანაწილდა.

საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა.

პროექტის თანახმად, დაგეგმილია არანაკლებ 16 ბენეფიციარისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება ყველა მიგრანტის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა - კონსულტაციები, წარმომადგენლობა, დამისამართება და სხვა. საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას.



კომენტარები