ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს რელური დემოკრატიის განხორციელებისთვის, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და საქართველოს პარლამენტს მიმართავს, 2015 წლის ბოლომდე, დააჩქაროს ცვლილებათა მიღება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, მთავრობის პოლიტიკური ნება, ძირეული ცვლილებები განიცადოს პროკურატურისა და სამართალდამცავმა ორგანოებმა, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებას და მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. რეფორმის ძლიერი მხარეა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის გაზრდა და საზედამხედველო კონტროლის უზრუნველყოფა, რა დროსაც, მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებული იქნება ხალხის მიერ არჩეული ორგანოს - პარლამენტის წინაშე. შესაბამისად, ქვეყანაში ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოების მიმართ, გაიზრდება საზოგადოებრივი ნდობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. რეფორმის შედეგად, უნდა გაძლიერდეს მართლმსაჯულების სისტემაც, ვინაიდან პროკურატურაში დაგეგმილი ცვლილებები, მხარეთა შეჯიბრითობისა და თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, იქნება კიდევ ერთი საჭირო ნაბიჯი. ამასთან, პროკურატურის საპარლამენტო კონტროლი უწყების მაღალ ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტების მიხედვით, როგორც საქართველოს პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხი. მომზადებული ცვლილებებით, პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას საპროკურორო საბჭოს მეშვეობით, განახორციელებს იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად, ორ უწყებად ჩამოყალიბდება, ცალკე საქმიანობას დაიწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ხელმძღვანელსაც, 6 წლის ვადით, პრემიერი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, განიხილავს პარლამენტი და უმრავლესობითვე დაამტკიცებს. წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა აღარ მოხდება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე შერჩეული პირი კი უნდა აკმაყოფილებდეს აპოლიტიკურობის პრინციპსა და მისი საქმიანობის უწყვეტობა დამოკიდებული არ იქნება სახელისუფლებო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული ორგანოების ეფექტური საქმიანობისთვის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი პროკურატურის რეფორმის პროცესში, შეიცვალა პროკურორის დანიშვნის წესი და კონტროლი საპარლამენტო ხელისუფლებას მიენიჭა, ავტომატურად დგება ახალი პროკურორის არჩევის საკითხიც, თუმცა ასევე პარლამენტის გადასაწყვეტია, აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკრეტული პერსონალიები. იქედან გამომდინარე, რომ რეფორმის ინტერესია საზოგადოებრივი მოლოდინების გათვალისწინება, მნიშვნელოვანია ხელმძღვანელთა არჩევაც მიღებული ახალი წესის მიხედვით მოხდეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაეფუძნება მმართველობის სისტემა საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპს.