ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ადგილი ქონდა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, რომელიც აღიარებული და განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით. აქვე, მკვეთრად ემიჯნება სასულიერო პირთა ორგანიზებით წარმოებულ საპროტესტო აქციის წარმომადგენელთა მხრიდან გამოვლენილ იმ ძალადობასა და აგრესიას, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ და ორგანიზაცია „იდენტობა“-ს მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციის მონაწილეთა მიმართ.
ყველა ადამიანსა და ნებისმიერ გაერთიანებას, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, სხვა ძირითად უფლებებთან ერთად გააჩნია აზრის თავისუფლად გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამ უფლებების დაცვის გარანტად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გვევლინება საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობა ყველა ფიზიკური პირისა თუ გაერთიანების მიერ.
ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი ასპექტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
1. ორგანიზაცია „იდენტობა“-მ მოსალოდნელი აქციის გამართვის ადგილისა და დროის შესახებ წინასწარ აცნობა სახელმწიფოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო დაანონსებულ ადგილას აქციის გამართვის შესაძლებლობა. სახელმწიფოს ასევე ჰქონდა ინფორმაცია საასულიერო პირების მიერ პარალელურად დაგეგმილი აქციის ჩატარების შესახებ, რომელთა მხრიდანაც გავრცელებული იქნა არაერთი განცხადება, რომ ისინი არ მისცემდნენ „ლგბტ“ საზოგადოების უფლებათა დამცველებს აქციის ჩატარების უფლებას. სახელმწიფო ვალდებული იყო არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაეთვალისწინებინა მოსალოდნელი შედეგები, შეემუშავებინა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტრატეგია, რომლითაც ორივე აქციის მშიდობიან პირობებში ჩატარება შესაძლებელი გახდებოდა, რაც მან ვერ შეძლო;
2. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილ იქნა მთელი რიგი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები, რომლის აღსაკვეთადაც სახელმწიფომ ადეკვატური ფორმა არ აირჩია, ვერ უზრუნველყო სოლიდარობის აქციის მონაწილეთა კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული და გარანტირებული უფლებების დაცვა და შემოფარგლა მხოლოდ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მცდელობით, რადგან ფაქტია, რომ არა აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვნობა, შესაძლოა შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო;
3. ორგანიზაცია ასევე ეხმაურება შეფასებას, რომ არ იყო მიზანშეწონილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით გამოცხადებული გლოვის მეორე დღეს ასეთი აქციის გამართვა, თუმცა ვერ გაიზიარებს ამ საფუძვლით აგრესიისა და გამოვლენილი ძალადობის გამართლების მცდელობას, რადგან ეს აქცია მიმართული იყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის გამოსახატად, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ 17 მაისს აღინიშნება.
4. 2013 წლის 17 მაისს თბილისში გამოვლენილმა ძალადობამ პირდაპირი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დემოკრატიულ საფუძვლებს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც ნამდვილად ვერ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. გამოვლენილმა ძალადობამ ცალსახად აჩვენა, რომ ადამიანის პირადი თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა საზოგადობასა და ზოგადად სახელმწიფოში ჯერ ისევ დიდი პრობლემაა. მიუხედავად გამოვლენილი ძალადობისა, ორგანიზაცია ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, თითქოს არსებობს რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნის საფრთხის მაღალი ალბათობა. ხელისუფლების მიერ საქმეზე დაწყებული გამოძიება პოზიტიური ნიშანია და ამ გამოძიების სამართლიანად წარმართვა საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, სწორად შეფასდეს ნებისმიერი ტიპის უმცირესობათა მიმართ არსებული საფრთხეები და დაცული იქნას კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის ძირითადი (ფუნდამენტური) უფლებები.
ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიანმძღოლმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა 17 მაისს განვითარებული მოვლენების დროს სასულიერო პირთა მოქმედებებს უკვე უწოდა „უზრდელობა“.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურორს, რომლის თანახმადაც:
– საქმესთან დაკავშირებით შესწავლილ იქნეს ყველა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და სამართალდამრღვევების მიმართ დროულად იქნას გატარებული ადეკვატური ზომები;
– დადგეს საპროტესტო აქციის მონაწილე ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ძალადობითა და ძალადობისაკენ მოწოდებით შეკრების მონაწილეებს არ მისცეს ჰომოფობიის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა;
– დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს მოსალოდნელი რისკები და ვერ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის სავალალო შედეგები, რაც შეიძლება დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვიოს.