„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდს „Peace Corps“-ის მოხალისე, დევიდ მაიო შეურთდა

5 ივნისი, 2015

2015 წლის 5 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდს, „Peace Corps“-ის პროგრამის ფარგლებში, ახალი უცხოენოვანი თანამშრომელი, დევიდ მაიო შეემატა, რომელიც შემდგომი 6 თვის მანძილზე, ორგანიზაციაში სტრატეგიული პროექტების მომზადების, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაზრდის, ადამიანური რესურსის მართვისა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვის საკითხებზე იმუშვებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, დევიდ მაიო თანამშრომლებს გააცნო და მას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დევით მაიო „Peace Corps“-ის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი თვალსაჩინო მოხალისეა. დაამთავრა ჰარვარდის, ცინცინატისა და ჯორჯ ვაშიგტონის უნივერსიტეტები. არის იურისპრუდენციის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ხელოვნების ისტორიის ბაკალავრი. დევიდ მაიოს სამსახურეობრივი საქმიანობა მოიცავს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში მისიის განხორციელებას. მას აქვს არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოშიც. მან 2004 წელს განახორციელა მოკლევადიანი კონსულტაციები USAID-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალიწინებდა მშვიდობის მშენებლობის პროექტის დაწყებას საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობისათვის. 2009 წლის ივნისიდან 2012 წლის დეკემბრამდე, ხელმძღვანელობას უწევდა და მენტორობდა რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო თანამდებობის პირებს ორგანიზაციულ საკითხებში, რაც მოიცავდა სტრატეგიულ დაგეგმვას, პროექტების შემუშავებას და კოალიციებისა და გაერთიანებების შექმნას. აღმოსავლეთ საქართველოში ხელს უწყობდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთმანეთთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „Peace Corps“-ის პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი 2014 წლის ნოემბერში მოამზადა. „Peace Corps“-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხრიდან, შესწავლილ იქნა ორგანიზაციის საქმიანობა, შესაძლებლობები და ინტერესები. 2015 წლის მაისში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ორგანიზაციის „Peace Corps“-ის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: „Peace Corps“ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯ.ფ. კენედიმ 1961 წელს დააარსა. „Peace Corps“ არის აშშ-ის მთავრობის აპოლიტიკური, არაკომერციული სააგენტო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დაინტერესებული ქვეყნის განვითარებას და საჭირო გამოცდილების გაზიარებას.



კომენტარები