ეკა ბესელია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

15 მაისი, 2013

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის, დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 19 ივნისს მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმის დაუყოვნებლივ შესწავლისა და რეაგირების მოხდენის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამჟამად მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, გიორგი მარგველაშვილს მიმართა. საპარლამენტო კომიტეტმა სამინისტროს საქმეზე შეფასება 2013 წლის 7 მაისს მიმართა.

„განმცხადებლის განმართებით, საგანმანათლებლო რესურს ცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი მითითებული საკითხი, თუმცა კომისიის შეზღუდული უფლებამოსილების გამო, ვერ იქნა მიღებული სათანადო გადაწყვეტილება. განმცხადებლის მოთხოვნა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებული თამარ კაიკაციშვილის სამუშაოზე აღდგენისა და საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღის” დირექტორის შესაბამისი პასუხისმგებლობის შესახებ კვლავაც არ არის დაკმაყოფილებული. ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას, მისცეს სამართლებრივი შეფასება ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხს, თუმცა მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო სისტემაშ პოლიტიკური შეხედულებების გამო, მოქალაქეთა დისციპლინური დასჯის შემთხვევები, უდავოდ საჭიროებენ დეტალურ, საფუძვლიან შესწავლასა და შესაბამისი ორგანოების მიერ გონივრულ ვადებში სათანადო სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას.“– ნათქვამია ეკა ბესელიას ოფიციალურ განცხადებაში.

თამარ კაიკაციშვილი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯიდან განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიღებული დავალების საფუძველზე, კოლეჯის დირექტორმა 2012 წლის 6 ივნისს გაათავისუფლა, თუმცა გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ჯერ 18 ივნისს – მოადგილის დისციპლინარული წესით გაფრთხილებით, ხოლო 19 ივნისს, გაფრთხილების ბრძანების საფუძველზე, მისი გაათავისუფლებით დასრულდა. თამარ კაიკაციშვილმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მოთხოვნით, ასევე მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები. თამარ კაიკაციშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა #34 ბრძანება კანონიერ ძალაში დატოვა, რაც მოსარჩელე მხარემ უკვე გაასაჩივრა საქართველოს უზენაესს სასამართლოში.

თამარ კაიკაციშვილის საქმის შესწავლას 2012 წლის აგვისტოდან ანხორციელებს „ახალგაზრდა ადვოკატები.“ ორგანიზაცია, გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაისში გამოაქვეყნებს თავის დასკვნასაც. საქმეს და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს სწავლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამაინისტრო.

 

 



კომენტარები