თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის აქციის მსვლელობის დაშლა სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს, რათა სამოქალაქო საზოგადოებას მომხდარის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სწორი შინაგანი რწმენა ჰქონდეს. მიგვაჩნია, რომ არ ხდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და საკითხის მიმართ სამოქალაქო პოზიციით მსჯელობა ხელს უშლის სიმართლის დადგენას. ამიტომაც, საჭიროა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველმხრივ შეისწავლოს მომხდარი ფაქტი და იგნორირება არ გაუკეთდეს საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, არსებული ფაქტობრივი მასალა სტუდენტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე მიუთითებს, მაგრამ საქართველოს პოლიციამ უფლებამოსილების განხორციელებისას გადაამეტა პროპორციულ ძალას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი სამართლებრივი შეფასება მოხდეს სამართალდამცავებისა და აქციის მონაწილეთა მოქმედებების კანონთან შესაბამისობასთან. საქართველოს პოლიციას უნდა გაეთვალისწინებინა დემონტრაციის მშვიდობიანი ხასიათი, აქციის მიზანი, მონაწილეთა ასაკი, რაც მთლიანად გამორიცხავდა სამართალდამცავების დემონსტრაციასთან კონფლიქტს და ძალის გამოყენების საჭიროებას. მიგვაჩნია, რომ აქციის მსვლელობის დროს, ნებსით თუ უნებლიეთ, სტუდენტების მიერ სატრანსპორტო გზის დაკავებას არ უნდა მოჰყოლოდა ძალადობის ესკალაცია და მათი დაპატიმრება. დემონსტრაციის ამგვარი სანქცირება გამოწვეული არ გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და უშიშროების დაცვის აუცილებლობებით. სტუდენტების დაკავება არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, არ მომხდარა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, არ მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამიტომაც, დემონსტრანტთა დაკავება უნდა ყოფილიყო უკიდურესი ზომა, რომელიც ძალადობას გამორიცხავდა. ამასტან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო თუ არა სტუდენტების განზრახი ქმედება, რათა სრულფასოვნად შეფასდეს კონფლიქტში მყოფი მხარეების ურთიერთდამოკიდებულება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ დემონსტრაციაზე ადგილი ჰქონდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას. საქართველოს პოლიციას უნდა გაეთვალისწინებინა მედიის წარმომადგენელთა აქციაზე ყოფნის დანიშნულება. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის დაკავებამ ცხადყო, რომ დემონსტრაციაზე დაწყებული კონლიქტი ქაოტურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც ვერ მოხდა აღქმა და იდენტიფიცირება აქციის მოანწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოიძიება დაინტერესდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის პროვოკაციას, რადგანაც სტუდნეტთა ნაწილი მიუთითებს აქციაში მონაწილე უცნობი ადამიანების აგრესიულ ქმედებებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივჩნევთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას უნდა მიმართოს და პასუხი გასცეს ფაქტის ირგვლივ ყველა შეკითხვას. პირდაპირი დიალოგი მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს პოლიცია, ბოლო 4 თვის მანძილზე, (8 თებერვალის შემდეგ) უკვე მეორედ დგება გამოწვევის წინაშე, რაც საზოგადოებრივ ინტერესს უფრო აზიანებს, ვიდრე უწყების რეპუტაციას.