„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საპარლამენტო შუალედური არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტესტია

28 აპრილი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან რეალური დემოკრატიის მიმართ გამოხატულ პატივისცემად აფასებს და საზოგადოებისთვის ცხადყოფს პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი, ძალადობის გარეშე ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას. 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ერთ–ერთი საუკეთესო იყო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ხელისუფლების განხორციელების პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, შუალედური საპარლამენტო არჩევნების საჯაროობა და ხელისუფლების ახალი პოლიტიკა არჩევნების გამჭვირვალობის მიმართ, ტესტია 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ და აღმოფხვრილი იქნეს ყველა სახის ხარვეზი, რომელიც შუალედურმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა. მაღალი საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს შემთხვევა ბაღდადის საარჩევნო ოლქში, რა დროსაც ადგილობრივი პოლიციის პირველი პირები ცდილობდნენ ზემოქმედება მოეხდინათ საარჩევნო კომისიის წევრებზე. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევა სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში, მყისიერად დაიწყოს გამოძიება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის შუალედური არჩევნების ნორმალურ და სამართლიან პირობებში ჩატარებას, არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობისა და განხორციელებული მონიტორინგის მნიშვნელობითაც ხსნის. ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდი და სამოქალაქო საზოგადოებას ხანგრძლივი საშუალება გვქონდეს შევაფასოთ პროცესი, გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები საპრეზიდენტო პროგრამებთან დაკავშირებით და მოვახდინოთ სწორი არჩევანი წარმოდგენილი კანდიდატების გამოცდილების მიმართ.

აგრეთვე, საპრეზიდნეტო არჩევნებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნისთვის, აუცილებლად მიგვაჩნია გაძლიერდეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის მუშაობა და კვალიფიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებამ ჯგუფში სამუშაოდ, განიხილოს არაკვალიფიციური სუბიექტების შეყვანის საკითხიც, რითაც პროცესი გახდებოდა აქტიური, შედეგიანი და დამაჯერებელიც. 



კომენტარები