პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებში, საზოგადოებრივი კონტროლის უფრო მეტი მექანიზმია

21 ივლისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების რეფორმას ეხმაურება და ცვლილებებს რელური დემოკრატიის განხორციელებისა და შემდგომი საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდის მიმართულებით, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში, ხელისუფლებას მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს და სახელმწიფოს ანგარიშვალებულებას მოქალაქეების წინაშე, კიდევ უფრო მეტად ზრდის. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისტემური დანაშაულებების განმახორციელებელი უწყებებად ჩამოყალიბდნენ, სადაც ჭარბი ძალაუფლება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. მოცემულ ეტაპზე, აღსანიშნავია მთავრობის პოლიტიკური ნება და წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით დაგეგმილი ცვლიელბები, როდესაც იზრდება საპარლამენტო კონტროლი და მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებული იქნება ხალხის მიერ არჩეული ორგანოს - პარლამენტის წინაშე. შესაბამისად, ქვეყანაში ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოების მიმართ, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ნდობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. რეფორმამ უნდა გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემაც, ვინაიდან პროკურატურაში დაგეგმილი ცვლილებები, მხარეთა შეჯიბრითობისა და თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, იქნება კიდევ ერთი საჭირო ნაბიჯი. ამასთან, პროკურატურის საპარლამენტო კონტროლი უწყების მაღალ ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.

არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ინსტიტუციური ცვლილებები ხდება, ყოველთვის არსებობს იდეალური მოდელის შექმნის სურვილი, ცვლილებების რისკებიც და გამოწვევებიც. მნიშვნელოვანია, რეფორმირებული სტრუქტურების შემდგომი საქმიანობა დაეფუძნოს საზოგადოებრივ კონტროლსა და მონიტორინგის სისტემას, რადგანაც ყოველთვის არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. ამასთან, მნიშვნელოვანია, ორი ახალი უწყების შემდგომი საქმიანობის ნაკლოვანი მხარეების გამოკვეთა, შესწავლა და ხარვეზების დროული აღმოფხვრა, რომელიც რეფორმის განხორციელების პროცესში, შეიძლება გამოიკვეთოს. სისტემური ფუნქციონირება უნდა დაეფუძნოს გამჭვირვალობისა და საჯაროობის საერთაშორისო სტანდარტებს, რათა არ მოხდეს უფლებამოსილებათა დუბლირება. მიგვაჩნია, რომ როგორც პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხი, რომელთა მაღალ პოლიტიკურ და თანამდებობრივ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის წინაშე ანფარიშვალდებულება ზრდის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ იუსტიციის მინისტრი აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს  და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. კანდიდატურების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს. ამასთან, წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ, ხოლო თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, აღნიშნული კანდიდატურა წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს მთავარ პროკურორს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წინაშე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანამ თავისი მნიშვნელოვანი ორი რეფორმირებული უწყებით, პროფესიული პროკურატურა და პროფესიული სამართალდამცავი ორგანოები უნდა მიიღოს, რაც საჯარო ხელისუფლების მიმართ, მოსახლეობის ნდობას გაზრდის. 



კომენტარები