ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

4 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ ერთობლივი ინიციატივით, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა DCFTA-ის ვალდებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის, ვაჭრობისა და სამრეწველო პოლიტიკის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობა და პროცესის პრობლემური მხარეები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმა და და მეწარმე სუბიექტებმა, რომლებმაც უშუალოდ შეაფასეს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების შედეგად არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. დისკუსია შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თუ რა ადგილობრივი შესაძლებლობები და მასტიმულირებელი პროექტები არსებობს ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის, რა განვითარების ეტაპზეა ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის ქვეყნებთან, რა ძირითადი ბარიერები და შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს ამჟამად მეწარმეთათვის, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე ახდენენ ექსპორტს და როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა და ბიზნეს-წრეები DCFTA-ის პოტენციალის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ ვიცე-პრეზიდენტ შოთა გულბანის განცხადებით, DCFTA საქართველოსთვის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტერგრაციის კარგ შესაძლებლობას ქმნის და ევროკავშირის 500-მილიონაინი ბაზრის გახსნის რეალურ საშუალებას იძლევა. DCFTA-ს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქონლით ვაჭრობის ლიბერალიზაციაა, რაც თავის მხრივ მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნული ქართველი მეწარმეების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს ფორმირებას უზრუნველყოფს, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ DCFTA იძლევა კარგ შესაძლებლობებს იმდენად, რამდენადაც ქართული საზოგადოება მომზადებული დახვდება იმ ვალდებულებებს, რაც ამ ხელშეკრულებით არის ნაკისრი. ასევე, თუ სათანდოდ იქნება გაანალიზებული რისკები და საფრთხეები, რაც დაკავშირებულია ევროპული პროდუქციის შემოდინებასთან საქართველოში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ყველა სირთულეს ადგილობრივმა წარმოებამ უპასუხოს განვითარების მაღალი დონით, რათა შეძლოს ევროპული სტანდარტით წარმოებულ საქონელთან კონკურენციის გაწევა. ამასთან, მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გაეცნო რიგის 2015 წლის მაისის სამიტზე ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებს ეხებოდა. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის მიერ ეროვნული სამოქმედო გემის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესი აჩვენებს, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თვალსაჩინოა რეფორმები, რომელიც ხორციელდება ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, არსებობს მაღალი მოლოდინი, 2015 წლის ბოლოს, ევროკავშირმა რეკომენდაციების შესრულებას დადებითი შეფასება მისცეს, ქვეყანამ კი, 2016 წლის შემოდგომიდან, ევროკავშირის ქვეყნებთან, თავისუფალი მიმოსვლა შეძლოს.

სადისკუსიო მაგიდას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სოფლის მეორნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ეკონიმიკისა და სამართლის სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ეკონომიკური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო მონიტორინგი და ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგი გაგრძელდება. 

ცნობისთვის: სადისკუსიო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ საქმიანობის ფარგლებში მომზადდა, რომლის დამფუძნებელი ორგანიზაციაც „ახალგაზრდა ადვოკატებია“, წევრი ორგანიზაცია კი, „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“. ალიანსი 2015 წლის აპრილში, 10 არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით დაფუძნდა, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭრაა.

 


კომენტარები