"ახალგაზრდა ადვოკატები" სამართლიანობის აღდგენის საკანონმდებლო ხარვეზებზე

14 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამართლიანობის აღდგენის პროცესის, მართლმსაჯულების ხარვეზებისა და ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და სამართლის სპეციალისტების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გამართეს. ორგანიზაციამ სამართლისა და ეკონომიკის თემაზე მედიის წამყვან ჟურნალისტებს უმასპინძლა და დეტალურად გაცნო საკითხები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, უშუალოდ სასამართლო პრაქტიკაში გამოიკვეთა. ამასთან, საუბარი შეეხო, თუ რამდენად ჯეროვნად თანამშრომლობს მედიის წარმომადგენლებთან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, როდესაც საკითხი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხება. ამასთან, დისკუსია შეეხო, თუ რამდენად ხელმისწავდომია საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მოქმედებები შესახებ ინფორმცია ცალკეული საქმეების განხილვის პროცესში. არსებობს თუ არა მედიის წარმომადგენლებისთვის რაიმე ფორმის ბარიერები და სირთულეები. ამასთან, რამდენად დაინტერესებულია ჟურნალისტები ქონებაჩამორთმეულთა საქმეების გამოძიების მიმდინარეობით, როგორია თემის გაშუქება პერიოდულ გამოცემებში და როგორია მედიის ტონი სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიმართ, ხელისუფლების საარჩევნო დანაპირების შეფასების დროს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მედიის წარმომადგენლებს ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება გააცნეს, რომლის მიხედვითაც, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადით. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმზღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, მომზადებული საკანონმდელო წინადადება რეალური გამოსავალია იმ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას და ქონების დაბრუნებას, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და წინააღმდეგობების გამო ვერ ახერხებენ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, პარლამენტის იურიდიული კომიტეტიც განიხილავს. არჩილ კაიკაციშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვას სათანადო და ჯეროვან ყურადღებას დაუთმობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებაზე ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა, საკანონმდებლო წინადადების თანაავტორმა ანა კიკნაძემ. მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება ეხება კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. მომზადებული ცვლილების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადამდე. მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, წართმეული უძრავი/მოძრავი საკუთრების დაბრუნების მიმართულებით მიმართონ სასამართლოებს და დაიწყონ აქტიური სამართლებრივი მოქმედებები, მოქალაქეები დგებიან სამართლებრივი ჩიხის წინაშე და საქმეზე ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, შეუძლებელი ხდება დავა გაგრძელდეს, სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სასამართლოები ღებულობდნენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს. ვადის გაზრდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კანონიერების და სამართლიანობის დადგენის მხრივ, საქმეების განხილვა მოხდება თავიდან, სასამართლოს მიერ და საქმის განხილვის შედეგად მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება მათი გამართლების ან გაუმართლებლობის შესახებ. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქონებაჩამორთმეულების მიმართ არ მოხდება ერთიანი მიდგომის პრინციპი, არამედ მოხდება მათი საქმეეების ინდივიდუალურად განხილვა, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციის შეფასებით, 15-წლიანი ვადა გონივრულია და ყველა მოქალაქეს, რომელიც საკუთარი დარღვეული უფლების თაობაზე მიმართავს სასამართლოს, წარუდგენს მტკიცებულებებს და დაიწყებს საკუთრების უფლების აღდგენაზე დავას, სახელმწიფო მისცემს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების შესაძლებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკურმა ცვლილებებმა, დღის წესრიგში დააყენა სამართლიანობის აღდგენა, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ დაეწყოთ ჩამორთმეულ ქონებებზე დავა, საქმის გამოკვლევების შედეგად კი, ცალკეულ შემთხვევებში დადგინა, რომ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ედავებოდნენ იმ პერიოდში უკანონოდ და დაუსაბუთებელი ქონების შეძენას, აღნიშნული ადამიანების მიმართ, პროკურატურის ობიექტური მოკვლევის შედეგად, დღეს გამამართლებელი გადაწყვეტილებები დადგა, თუმცა სასამართლოები, ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, მათი საქმეების თავიდან განხილვაზე უარს ამბობენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. კანონპროექტის მომზადების პროცესში, შესწავლილ იქნა შვეიცარიის, საფრანგეთის, რუსეთის, უკრაინის, ლატვიისა და ესტონეთის კანონმდებლობა, ხოლო ინიცირებული წინადადება დასაბუთდა საკითხზე საუკეთესო პრაქტიკით. საკანონმდებლო წინადადების ამოქმედება, ავტორების აზრით, 2015 წლის 1 ნოემბრიდანაა შესაძლებელი. 

 


კომენტარები