თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბუსკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვა გაიმართა. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომლის თანახმადაც, 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემა, რამდენად მართლზომიერად მოხდა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ახალგაზრდა ფინანსისტების“ ინტერესების დაცვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვალს მიმართეს. ეროვნულმა ბანკმა არ ცნო სარჩელი, მიუთითა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, იგი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ბაზაში და დაკავშირებულია პირის ფინანსებთან, რომლის ხელმისაწვდომობასაც განსაზღვრავს კონსტიტუცია. პოზიციის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესების დამცველმა მანანა ღუბიანურმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1990–იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფაქტთან დაკავშირებით. მხარის შეფასებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერც გაცემული კრედიტების მიზნობრივ ათვისებაზე აიღებს, თუმცა ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ კრედიტების გაცემის სქემა იყო არასწორი. ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოება უწოდა.[1]
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცებით, ეროვნული ბანკის პოზიცია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია, რადგანაც მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს მიაყენებს პირთა კონკურენტუნარიანობას, რადგანაც ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90–იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევასთან ერთად, ევროკონვენციის მე–10 მუხლის დარღვევა. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მხარეებმა დღევანდელ პროცესზე აღიარეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ახალგაზრდა ფინანსისტები“ საბჭოთა ანაბრების გაუფასურების სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგების კვლევას ანხორციელებენ, რომელიც საზოგადოებისთვის მაისში გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაციაც კვლევის მიზნებიდან გახდა საჭირო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვა გადაიდო. სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 2013 წლის 15 მაისს, 16:00 საათზე გამოიტანს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ახალგაზრდა ფინანსისტების“ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.
[1] არსებობს აღნიშნული პოზიციის სასამართლო აუდიო–ოქმი.