„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმეზე დასკვნას გამოაქვეყნებს

15 აპრილი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეების მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნას გამოაქვეყნებს. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 2012 წლის ივნისში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც, სასწავლებლის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა თანამდებობიდან დაითხოვა თავისი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. ორგანიზაციამ საქმის მიმართ მონიტორინგის ფარგლებში, შეისწავლა, როგორც საზოგადოებრივი კოლეჯის, ასევე გათავისუფლებული მხარის მიერ წარდგენილი მასალები და მტკიცებულებები, საქმის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, სასამართლო გადაწყვეტილებები, მედიაში თემის გაშუქება და საქმესთან დაკავშირებით, დღემდე მიღებული მხარეთა გადაწყვეტილებები. დასკვნა 2013 წლის აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თამარ კაიკაციშვილის საქმის შესწავლას 2012 წლის აგვისტოდან ანხორციელებენ. ორგანიზაციასთან საჯარო, საჭირო ინფორმაციის მიწოდების პროცესში უხარვეზოდ ითანამშრომლა, როგორც საზოგადოებრივმა კოლეჯმა, ასევე თამარ კაიკაციშვილმა. დასკვნა შედგება სარეკომენდაციო ნაწილისგანაც, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქობულეთის კოლეჯის დირექტორის მიმართ. ორგანიზაცია საქმეზე მომზადებულ დოკუმენტს მედიას, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს გააცნობს.

ცნობისთვის: თამარ კაიკაციშვილი კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მოადგილის თანამდებობიდან 2012 წლის 19 ივნისს გაათავისუფლა. დირექტორმა მოადგილე 18 ივნისს დისციპლინარული წესით გააფრთხილა, 19 ივნისს კი გაათავისუფლა. დასკვნა პასუხს გასცემს, იყო თუ არა, რეგიონში მომხდარი ეს ყველაზე რეზონანსული საქმე მოტივირებული პოლიტიკური საფუძვლებით და რა ამოძრავებდა კოლეჯის მოქმედ დირექტორს მოადგილის დათხოვნის შემთხვევისას. 



კომენტარები