არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონაწილეობას მიიღებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ მიერ საქართველოს რეგიონებში დაგეგმილ გასვლით შეხვედრებში, რომლის მიზანია, ადგილობრივ საზოგადოებას უშუალოდ გაეცნოს საბჭოთა ანაბრების ეკონომიკური და სამართლებრივი კვლევის მიმდინარეობა და საკითხის ირგვლივ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.
ერთკვირიანი გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შედგება. რეგიონებში შეხვედრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უმასპინძლებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ახალგაზრდა ფინანსისტების“ მიერ დაგეგმილი შეხვედრების ფორმატში, მონაწილეობას სამ რეგიონში მიიღებს. კერძოდ, შიდა ქართლში (გორი), სამცხე–ჯავახეთში (ახალციხე) და აჭარის რეგიონში (ბათუმი).
ორგანიზაციები გორსა და ახალციხეში ადგილობრივ საზოგადოებებთან შეხვედრას 11 აპრილს გამართავენ, ხოლო ბათუმში – 15 აპრილს. ამასთან, გორის, ახალციხესა და ბათუმთან ერთად, დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში (12 აპრილი), ზუგდიდში (13 აპრილი), ოზურგეთში (15 აპრილი) და ფოთში (16 აპრილი)
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი მხარის კვლევის შესახებ დასკვნას 2013 წლის მაისში გამოქვეყნებს. ორგანიზაცია საკითხზე თებერვლიდან მუშაობს.