„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საბჭოური ანაბრის კვლევის ფარგლებში კონფერენცია გამართეს

30 მარტი, 2013

თბილისში, ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების  მონაწილეობით,  თემაზე: „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბარი“, ერთდღიანი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიმდინარე კვლევის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბრის დაბრუნების შესაძლებლობების სამართლებრივი გზები და ამ მიმართულებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილება.

მრგვალ მაგიდას არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტი მომხსენებლები და საკითხთან კავშირში მყოფი საჯარო უწყების წარმომადგენელიც ესწრებოდა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ვასილ მაღლაფერიძემ, ლია მუხაშავრიამ, ირაკლი ლექვინაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. კონფერენციას ასევე ესწრებოდა წარმომადგენლები მთავრობის საქართველოს პარლამენტიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან. თემის ირგვლივ, კონფერენციის ბოლოს, მონაწილეთა შორის, გაიმართება დისკუსია. ამასთან, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საზოგადოებრივი დამცველის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, უფლებადამცველთა გაერთიანების, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), ევროპელი დემოკრატებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ დაზარალებული მეანაბრეებიც.

ცნობისთვის:  „ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზის კვლევას თებერვლიდან ანხორციელებს და კვლევა მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება. ორგანიზაციის შეფასებით, საბჭოური ანაბრის საკითხის გამოსაკვლევად უნდა შეჯამდეს დღემდე ჩატარებული მუშაობის შედეგები, შეფასდეს სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები და საქმეში ჩახედულ ექსპერტებთან და საზოგადოებასთან ერთად, სხვა ქვეყნების გამოცილებათა შესწავლის საფუძველზე, შემუშავდეს დაზარალებულებისთვის ღირსეული კონპენსაციის მოდელი და შესაბამისი კანონმდებლობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევის მიმდინარეობის მანძილზე მნიშვნელობა მიანიჭეს საკითხის ირგვლივ საჯარო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას და ამ კუთხით, არაერთი წერილი მომზადდა: საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს და უწყების მიმართ; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ყველა სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოსა და უზენაესი სასამართლოს სახელზე და საბჭოთა ანაბრების საკითხთან კავშირში მყოფი საზოგადოებრივი და ექსპერტული ჯგუფების წინაშე. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების გამო სარჩელი შეიტანა საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგაც, თუმცა სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა.

ორგანიზაციამ კვლევის პროცესში მიიღო უმნიშვნელოვანესი მასალა, რომელიც ასახვას პოვებს ანგარიშში. ამასთან, ხაზგასასმელია ყოფილ საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელთა გამოხმაურება, რომელიც, მთლიანად, ახლებურად წარმოაჩენს საკითხს.



კომენტარები