ქობულეთის საკრებულო ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

19 მარტი, 2013

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს, რითაც არღვევს საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესს და წინააღმდეგობაში მოდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ევროპულ კონვენციებთან და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის ძირითად პრინციპებთან.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვალს მიმართა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართ, 2012 წლის განმავლობაში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, 2012 წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ მიღებული 31 დადგენილება და 272 განკარგულება, საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, მათი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება, 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი მოითხოვა. თვითმმართელობის ორგანომ ორგანიზაციის მოთხოვნა გამოხმაურების მიღმა დატოვა, რაც აჩენს კითხვებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქობულეთის საკრებულო საჯარო ინფორმაციას მიზანმიმართულად არ გასცემს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ გადაწყვეტილებაა შეაფასოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობა 2012 წლის მანძილზე, რადგანაც არსებობს ინფორმაცია, საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაუმჭვირვალობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეუსაბამო გადაწყვეტილებების შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზაციის მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ინტერესი გააჩნია, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ელგუჯა ბაგრატიონს, 2013 წლის 15 მარტს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კვლავ მიმართა. ღია წერილში მითითებულია, რომ ქობულეთის საკრებულოს მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე უარი არ ემსახურება დემოკრატიული მმართელობის პრინციპებს და არ პასუხობს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საკრებულოსგან საჯარო ინფორმაციის მიღებას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ, 10–დღიან ვადაში მოითხოვს და საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს, რათა დასაბუთდეს, თუ რა საფუძვლით არ გაიცემა ღია ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუკი ქობულეთის საკრებულო საჯარო ინფორმაციაზე ოფიციალურად უარს იტყვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.  

 

 



კომენტარები