საქართველოს პარლამენტს რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის პროცესში და მაუწყებლის რეალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, რომელიც რადიკალური გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია. საკანონმდებლო ორგანომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის პრინციპებიდან გამომდინარე, უნდა შეაფასოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორ გიორგი ბარათაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერება და მიიღოს მოქმედი სამეურვეო საბჭოს შეცვლის გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია, სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედით აღძრას მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. მეურვის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შექმნილი ვითარება არ პასუხობს მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობას, აღრმავებს კრიზისს და სახეზე გვაქვს ტელევიზიის თანამშრომელთა უმრავლესობის უნდობლობა სამეურვეო საბჭოს მიმართ, საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაუწყებლის საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა და სამეურვეო საბჭოს შეცვლით საფუძველი შექმნას რეალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბებისთვის.
„ახალგარზდა ადვოკატები“ ცალსახად მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის გათავისუფლებით „მაუწყებლის შესახებ“ კანონი დაარღვია, რადგანაც სამეურვეო საბჭოს დირექტორის უნდობლობისთვის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 ესაჭიროებოდა. სამეურნეო საბჭო შედგება 15 წევრისგან, გიორგი ბარათაშვილის გადაყენებას კი მხარი 9 მეურვემ დაუჭირა, უნდობლობის გამოცხადებისათვის კი, მხოლოდ 10 მეურვის მხარდაჭერა იყო საჭირო. ამასთან, სამეურვეო საბჭომ განმეორებით სხდომაზე შეგნებულად არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილების შეცვლის გადაწყვეტილება, რითაც მაუწყებელზე კრიზისული ვითარება გააძლიერა. მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არც ერთ ნაწილში საზოგადოების უმრავლეოსბის ინტერესების გამომხატველი არ იყო და არხის არსებული საინფორმაციო პოლიტიკის გაგრძელებას ემსახურება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების კანონიერების დადგენა, მეორე მხრივ კი დაიწყოს ე.წ. ბორდის შეცვლის საპარლამენტო პროცედურა. ამასთან, სამართლიანად მიგვაჩნია, პარლამენტმა დაიწყოს „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება და მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს დაკომპლექტება გადავიდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებაში.