ჯანდაცვის სამინისტრომ უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი თანამშრომლების საქმე უნდა გადახედოს

7 თებერვალი, 2013

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. საუბარია სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების შესახებ, რომლებიც სამსახურიდან 2005 წელს, მინისტრის ბრძანებით, განსხვავებული შეხედულების გამო, საქართველოს პრეზიდენტისადმი უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ გაგზავნილი წერილის შედეგად გათავისუფლდნენ.

2005 წლის 16 დეკემბერს, ჯერ მინისტრის სახელზე, ხოლო 19 დეკემბერს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ კოლექტიურ წერილში მსჯელობა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომისა და დასაქმების სფეროს სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა. მინისტრმა თანამშრომელთა განთავისუფლების ბრძანება წერილის ხელისუფლების პირველი პირებისათვის  გაგზავნის დღეს მიიღო. სამინისტროს თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 20 დეკემბერს, სამსახურში გამოცხადების შემდეგ აცნობეს.  

აღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ შეზღუდვად შეფასდა, ამასთან, დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიც, რის გამოც, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულები განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით მიმართეს.

სამინისტრომ სასამართლო წესით დავის გასაჯაროების შემდგომ თანამშრომელთა მიმართ დაუსაბუთებელი მოქმედებების ლეგიტიმაციას მიმართა, რა დროსაც, მინისტრმა, ახალი ბრძანებით, ბათილად ცნო მის მიერვე მიღებული ბრძანება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ და იმავდროულად მიიღო კიდევ ერთი ბრძანება, რომლითაც, აღნიშნული თანამშრომლები დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა, თუმცა უკვე რეორგანიზაციის საფუძვლით.

მინისტრის გადაწყვეტილებითვე, თანამდებობა შეინარჩუნეს იმჟამად შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის იმ სამმა თანამშრომელმა, რომელმაც ხელი არ მოაწერეს კოლეგების მიერ მომზადებულ კოლექტიურ წერილს. მოგვიანებით, გაქუმდა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიც. 2007 წლის ოქტომბერში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა სარჩელზე დაუშვებელი გადაწყვეტილება მიიღო.

სამინისტროდან 2005 წელს გათავისუფლებულთა საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, არაერთი ოფიციალური წერილი მომზადდა. დაზარალებული მოქალაქეების შეფასებით, სამინისტროში შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე შრომის ინსპექციის გაუქმებით, სახელმწიფომ შრომის კანონმდებლობის დაცვის კონტროლზე უარი თქვა. ამასთან, სამინისტროში 2006–2007 წლებში განხორციელებულმა საშტატო/საკადრო პოლიტიკამ მთლიანად წარმოაჩინა ნეპოტიზმისა და კვალიფიციურობის საკითხი. ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები მიუთითებენ, რომ მათ გავლილი აქვთ ყველა კონკურსი და მიღებული აქვთ მაღალი შეფასება, თუმცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არც ამჟამადაც გამოხატავს დაინტერესებას, ერთი მხრივ სამართლიანობა აღდგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტზე, მეორე მხრივ კი სამინისტროში აღდგეს წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული დეპარტამენტები და მათი გამოცდილება სათანადოდ იქნეს შეფასებული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, 2005 წელს, დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლებული თანამშრომელთა მოთხოვნა სამართლიანობა აღდგეს მათ საქმეზე, ლეგიტიმური და კანონიერია. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების დროს, გაითვალისწინოს ყოფილი თანამშრომლების გამოცდილება და ხედვა, ამასთან უპირატესობა მიენიჭოს მათ კანდიდატურებს გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში, თუმცა სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება, თუკი სამინისტრო არ განმარტავს აღნიშნული ადამიანების გათავისუფლების მოტივებს. ჩვენი აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და მომზადდეს დასკვნა 2005 წლის დეკემბერში მომხდარი კოლექტიური გათავისუფლებისა და დეპარტამენტების გაუქმების საფუძვლების შესახებ. ამის აუცილებლობას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2013 წლის 28 იანვრის წერილიც იძლევა, რა დროსაც, კომიტეტი სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას და დახმარების აღმოჩენას ავალდებულებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან, 2005 წელს, სულ 15 დასაქმებული გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა მიიღო.



კომენტარები