2016 წლის 25 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უცხოელ ექსპერტ იან ვორისეკისთან შეხვედრა გამართეს, რომელიც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის: „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის სარეინტეგრაციო დახმარება“ მიმდინარეობას აფასებს. ორგანიზაციამ შეხვედრაზე ექსპერტს სრული ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული პროექტის: „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის, ხარვეზული მხარეებისა და შედეგების თაობაზე. ექსპერტმა დადებითი შეფასება მისცა ორგანიზაციის მოღვაწეობას და აღნიშნა, რომ მიგრანტთა იურიდიული მომსახურება პროგრამის ერთ-ერთი საჭირო კომპონენტია.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ 8 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სამშობლოში დაბრუნებული 8 მიგრანტის იურიდიული წარმომადგენლობა შეძლო, ხოლო 12 მიგრანტს გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია. პროექტის დირექტორის, ანა კიკნაძის თქმით, პროექტის შემდგომ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაითვალისწინოს სარეკომენდაციო წინადადებები, რაც სამშობლოში დაბრუნებულ გაცილებით მეტ თანამოქალაქეს მისცემდა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მიგრანტთა დახმარების სარეიტეგრაციო პროგრამა უნიკალურია, ხოლო ამ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობამ, ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა. საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტი 2015 წლის 18 მაისი-2016 წლის 18 იანვრის შუალედში განახორციელეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის 18 იანვარს, ორგანიზაცია, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის წარმატებულად განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.