პრემიერ-მინისტრმა როლანდ ბლადაძის საქმეზე პირადი დიანტერესება გამოხატა

26 იანვარი, 2016

2016 წლის 25 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრაზე, ყურადღება დაუთმო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს და ამ მიმართულებით, საერთო სასამართლოებში მთავრობის სამინისტროების სამართლებრივი პოზიციები გააკრიტიკა. არჩილ კაიკაციშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამოკიდებულებებზე, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით, ვინაიდან მათი შესაგებელი სარჩელები სასამართლოებში ცდება კრიტიკულ ზღვარსაც. არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა საზოგადოდ გახმაურებულ ქეისზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ მოპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირება იყო საპასუხისმგებლო შეცდომა, თუკი ხელისუფლება საარჩევნო 4-წლიან ციკლში ვერ უზრუნველყოფდა და სრულფასოვანი არ იქნებოდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებების აღდგენა. ეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე. ჩვენი საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკა და სასამართლო დავების ტენდენციები მიუთითებს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემაფერხებელია თავად სამინისტროები. ჩვენი მიზანი ხომ უნდა იყოს ის, რომ თუკი რომელიმე დავა საერთო სასამართლოებშია, სახეზეა უფლებადარღვევის ფაქტები, სახელმწიფო სამინისტროების სახით, მათ სამართლებრივ პოზიციებს რატომ უნდა აფუძნებდნენ და აყალიბებდნენ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული სამართლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ, როდესაც შეიძლება, ასეთი ტიპის დავებზე, სახელმწიფომ დავები უფლებადარღვეულთა სასარგებლოდ მიმართოს. მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი ანტიგანწყობების შესახებ, რომელიც სამართლიანობის აღგენის გაგებას ეხება. ჩვენ, 12-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, შევძელით ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან როლანდ ბლადაძის სადაო ქონებაზე წარმოიშვა ყადაღა, საქმე წარმოებაში მიიღო სასამართლომ, თუმცა სამინისტოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, არ აღმოაჩნდა შესაბამისი სიმტკიცე, რომ სამართლიანობის აღგენის პროცესს ხელი შეეწყო. მისი სასამართლოზე წარმოდგენილი სამართლებრივი პოზიცია სრულიად გაუმართლებელია. როდესაც პროკურატურა ცალკეულ საქმეებზე გადაწყვეტილებებს აგვიანებს, ხოლო მხარეს სამინისტროს სახით აქვს შესაძლებლობა, რომ დავაზე საერთო სასამართლოებში პოზიტიური გავლენა იქონიოს, ჩვენს წინაშეა სამართლიანობის აღდგენის ანტიგანწყობები“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის პირევლად გახდა ცნობილი აღნიშნული და ასეთი დავის მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირადად დაინტერესდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციებით აღნიშნულ ქეისთან მიმართებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ სამინისტროში საქმიანობის დროს, არსებობდა პრეცედენტები, როდესაც სასამართლოებში სამინისტრო ქონებაჩამორთმეულთა დავებზე მოსარჩელის პოზიციებზე დამდგარა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელი შეუწყვია. პრემიერმა განცახდა, რომ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიიღებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან.

 

 

 



კომენტარები