ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში აღიარებული სპეციალისტი, დასავლური ბიზნეს-ინსტიტუტებისთვის ცნობილი ქართველი, მაღალი რანგის ფინანსისტი თემო ჭეიშვილის კანდიდატურა შესთავაზეს. ორგანიზაციის განაცხადი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დარეგისტრირდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თემო ჭეიშვილის კანდიდატურა საზოგადოება ოფიციალურად წარუდგინა და ქართულ საზოგადოებას მისი გამოცდილების, შესაძლებლობებისა და ხედვის მიმართ ყურადღება სთხოვა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ თემო ჭეიშვილის სახით შეთავაზებული იქნა უნიკალური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც მზად არის საკუთარი შესაძლებლობები, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გახდომის შემთხვევაში, საქართველოს და ქართველ ხალხს მოახმაროს. მისივე თქმით, იქმნება პრეცედენტი, როდესაც უცხოეთში მოღვაწე ქართველები სამშობლოში ბრუნდებიან, საკუთარ წარმატებულ კარიერას თმობენ და საქმიანობის გაგრძელებას მშობლიური ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში გამოთქვამენ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პრეზიდენტს არჩევანის გაკეთების პროცესში, რაციონალური გადაწყვეტილებები მართებს, თემო ჭეიშვილის კანდიდატურა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე - უალტერნატივოა, შეთავაზება მომდინარეობს სამოქალაქო სექტოროდან და ასეთი რანგის მოღვაწეს, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი ისურვებდა.
თემო ჭეიშვილი დაიბადა თბილისში 1976 წელს. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ბიზნესის მართვისა და ევროპული ბიზნეს სამართლის მაგისტრი და გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 10-ზე მეტ ქვეყანაში, ცენტრალური ბანკებისა და სუვერენული ფონდების რეზერვებისა და საინვესტიციო პორტფელების შემუშავებისა და მართვის მიმართულებით.2010-2016 წლებში, თემო ჭეიშვილს გავლილი აქვს London Business School-ის, Amsterdam Institute of Finance-ის, INSEAD-ის, Chartered Alternative Investment Association-ის, IFF London-ის, Euromoney London-ისა და Euromoney Singapore-ის მაღალი მენეჯმენტისთვის განკუთვნილი მმართველობის და პროფესიული განვითარების სპეციალური პროგრამები. 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა ნიდერლანდების სამეფოში Internationale Nederlanden Groep (ING)-ის კორპორაციული ფინანსების ვიცე-პრეზიდენტად, საინვესტიციო პროდუქტების უფროსს მენეჯერად, სტრატეგიის კონსულტანტად. 2009 წლიდან დღემდე არის Internationale Nederlanden Groep (ING)-ის საინვესტიციო მართვის დირექტორი. აღნიშნული კორპორაცია მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების ათეულში შედის. თემო ჭეიშვილი რამდენიმე წამყვანი ცენტრალური ბანკის მრჩეველია და მის საქმიანობას განეკუთვნება საინვესტიციო პორტფელების შემუშავება და მართვა საობლიგაციო, სააქციო, წარმოებულებისა და სასესხო ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, ცენტრალური (ეროვნული) ბანკების და საპენსიო ფონდების საინვესტიციო პორტფელების შემუშავება და მართვა (ანგოლა, ბოცვანა, გერმანია, იაპონია, ყაზახეთი, მონღოლეთი, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები), სტრატეგიული ალიანსების შემუშავება და განხორციელება საფინანსო ინსტიტუტებთან ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ერთობლივი საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელობა საუდის არაბეთში. 2009 წლამდე, კორპორაციის სახელით, თემო ჭეიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა საფინანსო კომპანიების შეძენა და ინტეგრაცია აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, საინვესტიციო პროდუქტების შემუშავება და მართვა, კომპლექსური ფინანსური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დისტრიბუცია, რის შედეგადაც მოზიდულ რამდენიმე ათეული მილიარდი ევრო, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წამგებიანი კომპანიების რესტრუქტურიზაცია, საკრედიტო პორტფელის რესტრუქტურიზაცია ფრანგულ, ინდონეზიურ და უკრაინულ ბანკებში, 2002-2004 წლებში, ევროპული ფინანსური დაწესებულების ეგიდით რუსეთის ფედერაციაში პირველი კერძო საპენსიო ფონდის შექმნა და ხელმძღვანელობა და სხვა.
თემო ჭეიშვილი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ და რუსულ ენებს და ასებევსპარსულ და გერმანულ ენებს სალაპარაკო დონეზე.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან დამკვიდრებულ პრაქტიკას გამოეხმაურა, რა დროსაც, მეტი შეჯიბრითობისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებს საკუთარი ჩართულობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. ორგანიზაცია მსგავს პროცესში მეორედ მონაწილეობს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, სებ-ის უმაღლესი ორგანოა სებ-ის საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა.საბჭოში ადგილი ვაკანტური 2016 წლის თებერვალში ხდება, რადგანაც ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რომელიც იმავდროულად საბჭოს წევრიცაა. სწორედ საბჭო ირჩევს სებ-ის პრეზიდენტს, ხოლო თავად საბჭოს წევრებს, პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.