2016 წლის 27 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრირებული კანდიდატების თსუ აკადემიურ საბჭოსთან გასაუბრების პროცესს დააკვირდა. თსუ-ში კანდიდატების გასაუბრების ეტაპი 26-27 იანვარს მიმდინარეობდა. 26 იანვარს გასაუბრება შედგა იოსებ არჩვაძესთან და გიორგი გაფრინდაშვილთან, 27 იანვარს კი, საბჭომ თამარ კაპანაძეს, ალექსანდრე ჩხიტაურსა და კახაბერ ჭეიშვილს მოუსმინა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს. მოცემულ ეტაპზე, შეიძლება აღინიშნოს ის გარემოება, რომ თსუ-ში კანცლერობის კანდიდატებთან შეხვედრები საქმიან გარემოში ჩატარდა, თუმცა ორგანიზაცია, აგრეთვე, ყურადღებით აკვირდება კანდიდატთა პროგრამებსა და კონცეფციებში დასმულ საკითხებთან მიმართებით, თავად კანდიდატების დამოკიდებულების პრაგმატულობის საკითხს და ამ მიმართულებით, მათ საჯარო გამოსვლებს აკადემიური საბჭოს და საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე. ორგანიზაცია მთავარ ყურადღებას დაუთმობს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების ხასიათსაც, რაც მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას შექმნის აკადემიური საბჭოს თავისუფალი ნების, ახსნადობის და პროცესის შედეგად არსებული მოლოდინების პროპორციულობის თაობაზე.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ 2013 წლის აგვისტოში, ასევე მოახდინა მნიშვნელოვანი მონიტორინგის განხორციელება თსუ-ის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ მაშინ ყურადღება დაუთმო, უნივერსიტეტში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მდგომარეობას, ასევე არჩევნების დღის პროცედურულ ნაწილს და გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული და რომ თსუ–ში, 2004 წლის შემდეგ, პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. ამჟამადაც, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კანცლერი უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობაა, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს პირობებში.