სახალხო დამცველი „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლების საქმეს გაეცნო

28 იანვარი, 2016

2016 წლის 28 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივების საფუძველზე გათავისუფლებულის საქმეზე სრული და ამომწურავი ინფრომაციის მიწოდება იყო. საქართველოს სახალხო დამცველი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით დაინტერესდა. არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს საერთო სასამართლოების მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ასლები გადასცა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2016 წლის 16 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ გათავისუფლების საქმეზე, დამსაქმებელის გამამართლებელი შედეგი დადგა. საერთო სასამართლოებში, დავა მიმდინარეობდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდუნის ანაზღაურების მოთხოვნით. ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მ.-ს მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

2016 წლის 20 იანვარს, ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განაცხადა, რომ „საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 16 წლის განმავლობაში, „პროკრედიტ ბანკი“ ხელმძღვანელობს პოლიტიკით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას - მათ შორის თანამშრომლების შერჩევას, პოზიციის ცვლილებას, თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებას, დაწინაურებას, თანამშრომლობის შეწყვეტას - ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა სოციალური ნიშნით“. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მხრიდან მორიგი განცახდება გავრცელდა, სადაც აღინიშნა, ბანკს იმიჯის გადასარჩენად, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია ჰქონდა დაწყებული. არჩილ კაიკაციშვილმა ბანკის განცხადება საზოგადოების შეურაცხყოფად მიიჩნია და განაცხადა, რომ „პროკრედიტ ბანკს“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლებული თანამშრომლის გამო, საზოგადოებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა.

2016 წლის 18 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის აუდიო-ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც საზოგადოებამ უშუალოდ იხილა ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის და საქმის განხმილველი მოსამართლის მსჯელობები. გამოქვეყნებული სასამართლო აუდიო-ოქმი ცალსახად მიუთითებს, რომ ბანკიდან თანამშრომლის დათხოვნა ფრაზის: „ღმერთმა დაგლოცოს“ გამო განხორციელდა.

2016 წლის 26 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური წერილით მიმართეს „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორატს - ქეთევან ხუსკივაძეს, სოფიო კორძახიას და ალექსი მატუას და ბანკის მხრიდან ქართული საზოგადოების წინაშე, 29 იანვრის მდგომარეობით, ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოითხოვეს. წერილით ბანკს მიემართა, საჯარო გამხდარიყო ბანკის ოფიციალური პოზიცია სასამართლო აუდიო-სხდომის ჩანაწერთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე არსებული სტრატეგიის მიხედვით, მოქმედებების განხორციელებას აგრძელებს. 



კომენტარები