„ახალგაზრდა ადვოკატები“ - „პროკრედიტ ბანკმა“ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

4 თებერვალი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვის საფუძველზე, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ გაფართოებულმა მენეჯმენტმა, რომელიც ქართველი და გერმანელი ხელმძღვანელებისგან შედგება, უარი განაცხადა საქართველოს საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდაზე, რომელიც რელიგიური დისკრიმინაციის დაშვებას უკავშირდებოდა. ორგანიზაციამ 2016 წლის 26 იანვარს ოფიციალური წერილით მიმართა ბანკის გაფართოებულ მენეჯმენტს -  დირექტორთა საბჭოს წევრ, დირექტორს, ქეთევან ხუსკივაძეს, დირექტორთა საბჭოს წევრ, დირექტორ სოფიო კორძახიას და დირექტორთა საბჭოს წევრ, დირექტორს ალექსი მატუას.

„ჩვენი მიზანი არის მარტივი და ადამიანური - ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც იქნება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცული. 2004-12 წლებში, მათ შორის საბანკო სფეროს დუმილმა, ქვეყანა სისტემური დანაშაულის შედეგამდე მიიყვანა. 4 გაკოტრებული ბანკიც, სწორედ წინა ხელისუფლების საქმიანობის შედეგია. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც მთავრობის განცახდებითაც, სიღარიბეში ცხოვრობს, მოქალაქეების უმრავლესობას ბეგარად გააჩნია საბანკო სფეროს ფინანსური ვალდებლება და ბანკები კომერციული ინტერესის გამართლებით, ზემოგებაზე მუშაობენ, ქვეყნის მოსახლეობა დღითიდღე გაედინება ემიგრაციაში და ქვეყანა ხდება ტერიტორია, სახელად საქართველო, ასეთ ვითარებაში, ჩვენი, ახალი თაობის პროფესიული საზოგადოების პასუხისმგებლობა და ვალია, ფაქტებს დაერქვას სახელი. ჩვენ, პრინციპების ერთგული და მიუკერძოებელი ორგანიზაცია, მხოლოდ ვაპროტესტებთ ერთადერთს - ბანკიდან ადამიანების რელიგიური მოტივებით გარეკვას. ჩვენ არ დავუშვებთ, ქვეყანაში დამკვიდრდეს ასეთი ტენდენცია და პრეცედენტი. ბანკს მართებს აღნიშნულ საქმეს შეხედოს მაღალი სამოქალაქო და იურიდიული ინტერესით - ანტიდისკრიმინაციული გარემო თუ კორპორაციული ქცევის წესი. როდესაც საქმე ეხება პიროვნების რელიგიურ გრძობებს, გამონათქვამების კონტექსტს და გარემოს, სადაც აღნიშნული დაშვებულია, ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მუდმივად იღებს უფლების სასარგებლოდ. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ბანკის გერმანული გამოცდილება აღნიშნული პრინციპების დამცველი იქნებოდა. სამწუხაროდ, მოცმეულ ეტაპამდე, ასე არ აღმოჩნდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ საქმეს, საერთო სასამართლოებში, მივიყვანთ ბოლომდე, თუმცა არსებობს კორპორაციული პასუხისმგებლობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენი მოთხოვნაა, გერმანული ბანკის ქართველმა მენეჯმენტმა ბოდიში მოიხადოს ქართული საზოგადოების წინაშე და გაავრცელოს ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი ფაქტი იქნება მკაცრად დაგმობილი და ბანკი პირობას დადებს, საკადრო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას, მომავალში მოეკიდება მეტი პასუხისმგებლობით“ - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ს.ს. „პროკრედიტ ბანკს“ მიმართეს და აღნიშნეს, რომ 29 იანვრის მდგომარეობით, ბოდიში მოეხადათ საზოგადოების წინაშე და განმარტება გაეკეთებინათ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერზე, სადაც ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველი, მოსამართლესთან დისკუსიის დროს, პირდაპირ აღნიშნავს იმ მოტივებს, რის გამოც ბანკმა თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ბანკისთვის იწურება საპროცესო ვადა, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაასაჩივროს. ბანკი განჩინებას, სავარაუდოდ, ან საკასაციო წესით ან ისევ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაცია ანიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების შესაბამის ინფორმირებას აუცილებლად მოახდენს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2016 წლის 16 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ გათავისუფლების საქმეზე, დამსაქმებელის გამამართლებელი შედეგი დადგა. საერთო სასამართლოებში, დავა მიმდინარეობდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდუნის ანაზღაურების მოთხოვნით. ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მ.-ს მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

2016 წლის 20 იანვარს, ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განაცხადა, რომ „საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 16 წლის განმავლობაში, „პროკრედიტ ბანკი“ ხელმძღვანელობს პოლიტიკით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას - მათ შორის თანამშრომლების შერჩევას, პოზიციის ცვლილებას, თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებას, დაწინაურებას, თანამშრომლობის შეწყვეტას - ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა სოციალური ნიშნით“. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მხრიდან მორიგი განცახდება გავრცელდა, სადაც აღინიშნა, ბანკს იმიჯის გადასარჩენად, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია ჰქონდა დაწყებული. არჩილ კაიკაციშვილმა ბანკის განცხადება საზოგადოების შეურაცხყოფად მიიჩნია და განაცხადა, რომ „პროკრედიტ ბანკს“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლებული თანამშრომლის გამო, საზოგადოებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა.

2016 წლის 18 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის აუდიო-ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც საზოგადოებამ უშუალოდ იხილა ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის და საქმის განხმილველი მოსამართლის მსჯელობები. გამოქვეყნებული სასამართლო აუდიო-ოქმი ცალსახად მიუთითებს, რომ ბანკიდან თანამშრომლის დათხოვნა ფრაზის: „ღმერთმა დაგლოცოს“ გამო განხორციელდა.

2016 წლის 26 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური წერილით მიმართეს „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორატს - ქეთევან ხუსკივაძეს, სოფიო კორძახიას და ალექსი მატუას და ბანკის მხრიდან ქართული საზოგადოების წინაშე, 29 იანვრის მდგომარეობით, ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოითხოვეს. წერილით ბანკს მიემართა, საჯარო გამხდარიყო ბანკის ოფიციალური პოზიცია სასამართლო აუდიო-სხდომის ჩანაწერთან დაკავშირებით.

2016 წლის 28 იანვარს, „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგირი მოტივებით გათავისუფლებულის საქმით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე.

2016 წლის 1 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ღია წერილით მიმართეს საქართველოში გერმანიის ელჩს ქალბატონ ბეტინა კადენბახს და გერმანული ბანკის მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართვაში გამოთქმულია რწმენა, რომ საელჩო შესაბამის რეაგირებას მოახდენს რელიგიური მოტივებით დათხოვნილი ქართველი დასაქმებულის ფაქტის გამო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე არსებული სტრატეგიის მიხედვით, მოქმედებების განხორციელება გრძელდება.



კომენტარები