არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება ქართულ მედია-საშუალებებში გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ შესაძლებელია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მიმართ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის არაკეთილსინდისიერების შესახებ საჩივარი წარადგინოს. იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადება მნიშვნელოვნად იქნა შეცვლილი ან ინტერპრეტირებული, საჭიროდ მიგვაჩნია განმარტება გავაკეთოთ შემდეგ გარემოებებზე:
- ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მიმართ ლონდონის საფონდო ბირჟაზე საჩივრის წარდგენა არის მოსაზრება და ეფუძნება შემდგომი განხილვის ფაქტორს. ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადს განიხილავს, ზოგადად, როგორც შესაძლებლობად და მიღებული არ არის გადაწყვეტილება, განაცხადის მომზადების თაობაზე.
- ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მიმართ ლონდონის საფონდო ბირჟაზე საჩივრის წარდგენის მოსაზრება არ ეკუთვნის ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“. აღნიშნული წინადადება გამოთქმულ იქნა 2016 წლის 10 თებერვალს, სასტუმრო „ბეტსში“, ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე გამოქვეყნებული ორგანიზაციის კვლევის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის, რასაც მოჰყვა მსჯელობა და განხილვა. მსჯელობის საფუძველი გახდა ს.ს. „ინტელექტბანკის“ პასივების და აქტივების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მხრიდან შეძენის ფაქტი. გამოსვლელებმა სწორედ აღნიშნულ გარემოებას დაუთმეს ყურადღება და იმსჯელეს ს.ს. „საქართველოს ბანკის“, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის თაობაზე.
- 2016 წლის 10 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოქვეყნეს კვლევა ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით. კვლევაზე მუშაობა დაიწყო 2015 წლის აპრილიდან. კვლევის პროცესში თანამშრომლობა ეცნობა საქართველოს ეროვნულ ბანკს, სებ-ის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, ს.ს. „საქართველოს ბანკს“, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთო სასამართლოებს, „უკრგაზბანკს“.
- „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოქვეყნებული კვლევა მოამზადა „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ინიციატივის ფარგლებში.
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ და არც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი არ წარმოადგენს ს.ს. „ინტელექტბანკის“ აქციონერების მინდობილ პირს და არ სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლებამოსლებით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მედია-საშუალებებს მიმართავს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაციის შეხედულებების ტირაჟირებას და იხელმძღვანელონ მხოლოდ კვლევაში გამოთქმული ოფიციალური პოზიციით.