ფადი ასლიმ მთავრობის ცვლილებებს და საზოგადოების უფლებებს მეტი პატივი უნდა სცეს

25 იანვარი, 2013

საქართველოს მთავრობის ინიციატივა ძირეულად შეიცვალოს შრომის სამართლებრივი ურთიერთობები და მიღებულ იქნეს ახალი შრომის სამართლის კოდექსი საფუძვლებს ქმნის აღმოიფხვრას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დღემდე არსებული დისკრიმინაციული ურთიერთობა და დასაქმებულის უფლებების დაცვას ჰქონდეს სამართლებრივი მნიშვნელობის ძალა. ამიტომაც, ამ პროცესთან მიმართებით, საქართველოში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს განსაკუთრებული საპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ცვლილებების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება მმართებს. ბიზნესი უნდა გახდეს დასაქმებულის ღირსეული შრომის უფლების დაცვის გარანტი და თავად შეუწყოს ხელი შრომით ურთიერთობებში კონკურენტული გარემოს გაჩენას. შესაბამისად, არავითარ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადება, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლება ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს, რაც მორალურ–სამართლებრივი შეხედულებით, გაუმართლებელია, სხვისი უფლებების დამცველი კი უფლებებს თავად არღვევს.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის შეხედულებები შრომის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტის მიმართ, არც ბიზნესის ინტერესებს ემსახურება და არც სამართლის ინტერესებს. იქედან გამომდინარე, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეეძლო, ქმნიდა დაუცველ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს და არ პასუხობდა ევროკავშირის, საერთაშორისო შრომის უფლებების დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნებს. ასეთი მიდგომით, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაშორდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის საერთაშორისო ბაზრის პირობებს. შექმნის უუფლებო და დისკრიმინაციულ შრომით გარემოს. ამიტომაც, შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი კარდინალურად ცვლის და შრომის ბაზარზე, ყველა სუბიექტის ინტერესების გათვალისწინებით, შემოაქვს იურიდიულად მყარი ურთიერთობები. შესაბამისად, ფადი ასლის შეხედულება მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული სიახლეების მიმართ არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. ჩვენი აზრით, ფადი ასლის შეფასება: „კოდექსი ჩემს უფლებებს არღვევს. როდესაც ოჯახში სიყვარული კვდება და ცოლ-ქმარი შორდება, ისინი, უბრალოდ, შორდებიან ერთმანეთს და დამსაქმებელი დასაქმებულს როგორ ვერ უნდა დაშორდეს, არ მესმის!" ცვლილებების მარგინალიზაციას ემსახურება და საერთაშორისო სავაჭრო პალატას ასეთი შეხედულებების საჯაროობისგან თავშეკავება და ქართული საზოგადოების პატივისცემა მმართებს.

შეგახსენებთ, რომ შრომის სამართლის კოდექსის პროექტით, დამსაქმებელი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულს 30 დღით ადრე შეატყობინოს . იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ვერ მოახერხებს, ის დასაქმებულს 1 თვის ხელფასს უხდის. დამსაქმებელი ვალდებულია, დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დავის განხილვის დროს, მტკიცების ტვირთი მას დაეკისრება და არა სამსახურიდან გათავისუფლებულს. პროექტის მიხედვით, დაუშვებელია დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიჩნეულია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება რომელიმე პროფესიული კავშირის წევრობის გამო. ცვლილებებით უქმდება ისეთი ტერმინი, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების „მოშლა", რადგან იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ეს სიტყვა ყველას ესმოდა, როგორც „შეწყვეტა" და კოდექსშიც ასე ჩაიწერება.

ახალი კანონმდებლობით შემოტანილია ახალი ინსტიტუტი – კოლექტიური დათხოვნა, რაც სულ მცირე, 10 კაცის სამსახურიდან ერთდროულად დათხოვნას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარი შეტყობინება გააკეთოს 45-90 დღით ადრე და ეს ვადები დამოკიდებულია საწარმოს მოცულობასა და დათხოვნილთა რაოდენობაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაკავშირებულია ზეგანაკვეთურ შრომასთან. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება 41 საათზე ზემოთ, მაგრამ სამინისტრომ გაითვალისწინა დამსაქმებელთა ინტერესები და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დააკისრა 48 საათს ზევით შესრულებულ სამუშაოზე. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობას. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ცვილებებსა და სიახლეებს.

წინასწარი ინფორმაციით, შრომის კოდექსის ახალი პროექტი საქართველოს პარლამენტრს 2013 წლის 20 თებერვლისთვის გადაეგზავნება. პარლამენტი ცვლილებებს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.



კომენტარები