არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2016 წლის 16 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაცია აფასებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე თსუ აკადემიურ საბჭოს მხრიდან შერჩეული კანდიდატის იოსებ არჩვაძის გადაწყვეტიელბას, პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას კონკურსში დარჩენაზე. შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ვალდებულია, თავიდან გაიაროს ის პროცედურები, რომელიც დადგენილ იქნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იოსებ არჩვაძის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული თანამებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მიმართ უნივერსიტეტის აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის გათვალისწინებით. ჩვენ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ იოსებ არჩვაძის გადაწყვეტილებაში შესაბამისი არგუმენტების და დასაბუთების საჭიროება არსებობს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ზემოქმედების და გავლენის გავრცელებული გონივრული ეჭვი. ორგანიზაცია უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოს და გადაწყვეტილების მიმღებ კანდიდატს მოუწოდებს, საზოგადოებისთვის მკაფიო გახადონ, რა გახდა შერჩეული კანდიდატის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი, აღნიშნული კანდიდატურის უნივერსიტეტის სენატის წინაშე დასამტკიცებლად წარდგენამდე 1 დღით ადრე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს.