„ახალგაზრდა ადვოკატები“ – სასამართლო გადაწყვეტილებით, თბილისის #140 საჯარო სკოლაში გაცილებით სისტემური პრობლემები იკვეთება

19 თებერვალი, 2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის #140 საჯარო სკოლის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ორგანიზაცია მიღებულ გადაწყვეტილებას საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უაღრესად პრინციპულად მიიჩნევს და ცალსახად მიუთითებს, რომ თბილისის #140 საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა, სასამართლო ძალითაც დასტურდება, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ცდება დამსაქმბელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ უთანხმოებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სკოლის მოქმედმა და ყოფილმა დირექტორმა, 2013-2014 წლებში, არაერთი მასწავლებელი სხვადასხვა დაუმსახურებელი, პიროვნული შეუთავსებლობისა და შეურაცხმყოფელი მიზეზებით, სამსახურებიდან გაათავისუფლლა. ორგანიზაციამ 2015 წელს წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს, რათა სამინისტროს უშუალო დაინტერესება გამოეთქვა საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებისა და სკოლის დორექტორ ნინო ასანიძის გადაწყვეტილებების მართლზომიერების შეფასების თაობაზე, თუმცა სამინისტრომ შეფასებებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სკოლა თავის გადაწყვეტილებებს ავტონომიურობის პრინციპს აფუძნებდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოგებული საქმე ეხებოდა საგანმანათლებლო სფეროში დისკრიმინაციისა და სრულიად დაუმსახურებელი მოპყრობის მქონე პედაგოგის, ჯულიეტა გ-ს საქმეს, რომლის მიმართაც, დირექტორმა განახორციელა არამართლზომიერი მოპყრობა და არსებითი იურიდიული ფაქტის გარეშე, მის მიმართ გამოიყენა დისციპლინარული სახდელი - წერილობითი გაფრთხილება. ქალბატონი, რომელსაც გააჩნია 45-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი და დამსაქმებელ საჯარო სკოლაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება, სკოლის დირექტორ ნინო ასანიძის მორიგი დავდასხმისა და უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი აღმოჩნდა. ქალბატონის პედაგოგიური მუშაობის და საგაკვეთილო საათების მიზანმიმართული შეზღუდვა, 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც სკოლაში ახალი დირექცია მოვიდა. იქედან გამომდინარე, რომ ადამიანი აღმოჩნდა პედაგოგის სტატუსისა და ელემენტარული შრომითი ანაზღაურების დაკარგვის წინაშე, ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს დასთანხმდა, მაგრამ დირექტორმა პედაგოგის გახანგრძლივებული წრის გაკვეთილზე შეჭრით, მოსწავლეების წინაშე, მას მიაყენა შეურაცხყოფა და უწოდა არაპროფესიონალი. დირექტორმა მოიწვია სკოლის დისციპლინარული კომიტეტი და მიიღო პედაგოგის გაფრთხილების ბრძანება. სასამართლომ 2016 წლის 19 თებერვალს, სწორედ გაფრთხილების ბრძანების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის #140 საჯარო სკოლის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე კიდევ ერთ საქმეზე ახორციელებს წარმომადგენლობას. საქმე ეხება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას. აღნიშნული საქმის ისტორია, გაცილებით მძიმე და დრამატულია, რომელიც დირექტორ ნინო ასანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება. კერძოდ, სკოლის დირექტორმა დამსახურებული პედაგოგის მიმართება ხმაურიანი საგაკვეთილო პროცესზე, ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ, პედაგოგის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტად შეაფასა. ასევე, მოწვეულ დისციპლინარულ კომიტეტს შეაცვლევინა მიღებული გადაწყვეტილება, კლასის მოსწავლეებს ორჯერ ჩამოართვა ახსნა-განმარტებები, საქმე მიიყვანა დამსახურებული პედაგოგის გათავისუფლებამდე. ორგანიზაციამ აღნიშნული საქმის შესახებ, ასევე საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თბილისის #140 საჯარო სკოლის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წარმომადგენლობას ზემოაღნიშნულ საქმეებზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო. კიდევ ერთ დავას, მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს.



კომენტარები