საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რაც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადის 15 წლით გაზრდასთან დაკავშირებით, შემდგომი განხილვის მიზნით, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს გადაეცა. „კომიტეტმა აღნიშნული წინადადება უარყოფითად ცნო, თუმცა კომიტეტზე აღინიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიერ დასმული პრობლემა მართლაც არსებობს და შინაარსობრივად კავშირშია მოქალაქე ბაკურ კიღურაძის მიერ წარმოდგენილ საკანონდმებლო წინადადებასთან, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლის მიერ მიცემული ცრუ ჩვენების საფუძველზე მოხდა უკანონო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. შესაბამისად, კომიტეტმა სთხოვა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, პარლამენტის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომ იმსჯელოს ააიპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დასმული პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებთან დაკავშირებით“ – ნათქვამია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წლის 17 თებერვლის #1414/4–10 დასკვნაში, რომელსაც ხელს კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე აწერს.
ცნობისთვის: 2016 წლის 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება განიხილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დეპუტატებს გააცნო კანონპროექტის არსი და მიზანი, უპასუხა მათ შეკითხვებს. როგორც წინადადების განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, კანონპროექტით წარმოდგენილი სამართლებრივი პრობლემა რეალურია, თუმცა საკითხის განხილვა კომპლექსურად და სათანადო შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებით დასმული საკითხის განხილვას და ერთიანი პოზიციის შეჯერებაზე მსჯელობას. ამასთან, საკანონმდებლო წინადადების მიმართ პოზიცია წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. როგორც წინადადების განხილვაზე საბჭოს წარმომადგენელმა, ნათია მახარაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია განხილვის საგანი გახდეს კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ გაითვალისწინებდა ახლადგამოვლენილ და ახლადგამოვლენილ გარემოებას. არჩილ კაიკაციშვილმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადების მიმართ გამოთქმულ შეხედულებებს და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც არც ერთ დარღვეული უფლების მქონე მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე არ დატოვებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და პარლამენტს 1 ივლისს მიემართა. კანონპროექტის მომზადების პროცესში, შესწავლილ იქნა შვეიცარიის, საფრანგეთის, რუსეთის, უკრაინის, ლატვიისა და ესტონეთის კანონმდებლობა, ხოლო ინიცირებული წინადადება დასაბუთდა საკითხზე საუკეთესო პრაქტიკით. ორგანიზაციის მხრიდან პარლამენტში, ეს უკვე ინიცირებული მეორე საკანონმდებლო წინადადებაა.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, უკვე განიხილა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რომელმაც მხარი დაუჭირა, კომიტეტის სახელით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიმართ, სპეციალური რეკომენდაციის მომზადებას.